ახალი ამბები

სტალინის დაბადების დღეს გორელმა აქტივისტებმა სტალინის გამზირს სახელი “გადაარქვეს” [ფოტო]

21 დეკემბერი, 2016 • 6177
სტალინის დაბადების დღეს გორელმა აქტივისტებმა სტალინის გამზირს სახელი “გადაარქვეს” [ფოტო]

21 დეკემბერს, იოსებ სტალინის დაბადების დღეს გორში ანონიმმა აქტივისტებმა სტალნის გამზირს “სახელი გადაარქვეს”.

ფოტო და ვიდეომასალაზე, რომელიც ნეტგაზეთს მიაწოდეს, ჩანს, რომ სტალინის გამზირზე გაკრულია ალტერნატიული ბანერები, სადაც წერია, რომ იქ მარო მაყაშვილის ქუჩა მდებარეობს.

15681747_10205828987043591_666215224_o 15682422_10205828986883587_879600641_o 15683192_10205828986843586_1210136047_n

გორში ბაზირებული ტელეკომპანია თრიალეთი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქტივისტები, რომლებმაც სტალინის გამზირს დროებით “სახელი გადაარქვეს”, მედიის წარმომადგენლებთან დღეს ოფიციალურად არ გამოჩენილან და კომენტარი არ გაუკეთებიათ:

“თუმცა აღნიშნავენ, რომ ქ. გორის საკრებულოს ხელმოწერებით მიმართავენ, რომ ქალაქის ცენტრალურ, სტალინის ქუჩას სახელი გადაერქვას და ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭოს”.

კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა, რადგან არსებობს კანონი “თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომელიც ამ ტიპის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას ითვალისწინებს, თუმცა საქართველოს არაერთ ქალაქსა თუ სოფელში დღემდე არსებობს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოს მატარებელი ელემენტები, მათ შორის სტალინის არაერთი ძეგლი და ბიუსტი დგას გორის მუნიციპალიტეტში: სტალინის ძეგლი დღემდეა აღმართული ქალაქის ყველაზე დიდ გასართობ პარკში, ხოლო გორის ცენტრალური გამზირი დღემდე სტალინის სახელობისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი