ახალი ამბები

‘ოცნების’ მხარდამჭერების შეკრება სხვადასხვა უბანში

29 სექტემბერი, 2012 •
‘ოცნების’ მხარდამჭერების შეკრება სხვადასხვა უბანში

14:20 ამ წუთებში, მეტრო “300 არაგველთან” მოძრაობა გადაკეტილია. კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მეტროსდგურის მიმდებარე ტერიტორიაზე თანდათან იკრიბებიან. ისინი სკანდირებენ “გაუმარჯოს”. მეტროსადგურთან შეკრებილი არიან კრწანისის, ისნის და სამოგორის რაიონში მცხოვრებლები.  ამ წუთებში ასევე იკრიბებიან დინამოს   სტადიონთანაც, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანები გადაადგილებას მცირედი შეფერხებით, თუმცა მაინც ახერხებენ.  

 

აქტივისტებთან ერთად არის “ქართული ოცნების” დიდუბის მაჟორიტარი კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე, რომლის თქმითაც ყველა აქ შეკრებილი ადამიანი თავისი ნებით მოვიდა, განსხვავებით გუშინდელი “ნაციონალური მოძრაობის” შეკრებისა.  დინამოს სტადიონთან ასევე შეიკრიბებიან ჩუღურეთისა და ნაძალადევის მოსახლეობა კანდიდატებთან ერთად და მოგვიანებით შეუერთდებიან მთავარ აქციას. 

 

შეგახსენებთ, რომ, დღევანდელ ბრიფინგზე  კოალიციის სპიკრემა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ  სხვადასხვა ადგილზე შეკრებულ ხალხს წინ მაჟორიტარი კანდიდატები და კოალიციის ლიდერები გაუძღვებიან, აქცია მუსიკალურადაც იქნება გაფორმებული, ხოლო ბოლოს ბერა ივანიშვილის ახალი სიმღერის პრემიერა შედგება.

 

აქციისთვის მზადება გუშინ საღამოს საათებში დაიწყო. “ქართული ოცნების” აქცია დღს 14:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება.

იგეგმება მსვლელობა ოთხი ადგილიდან. დინამოს სტადიონზე, ვაკის პარკთან, მეტრო 300 არაგველთან და სპორტის სასახლესთან კოალიციის მხარდამჭერები 14:00 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოაწყობენ.

თავისუფლების მოედანზე აქცია 16:00 საათისთვის დაიწყება. თბილისის პარალელურად 16:00 საათზე გაიმართება აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზეც.

“ქართული ოცნების” პირველი აქცია 27 მაისს ასევე თავისუფლების მოედანზე გაიმართა. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის ეროვნულ სტადიონზე შეხვედრა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” გამართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი