ახალი ამბები

ბერლინის პოლიცია არაა დარწმუნებული, რომ საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი დააკავა

20 დეკემბერი, 2016 • 1983
ბერლინის პოლიცია არაა დარწმუნებული, რომ საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელი დააკავა

გერმანიის პოლიციის განცხადებით, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანის შევარდნის გამო დაკავებული პირი შესაძლოა არ იყოს მომხდარზე პასუხისმგებელი. პოლიცია არაა დარწმუნებული, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი დააკავა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

“რეალურად, გაურკვეველია, დაკავებული პირი მართავდა თუ არა სატვირთო მანქანას”- განაცხადა ბერლინის პოლიციის ხელმძღვანელმა კლაუს კანდტმა.

დაკავებული პირი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გერმანიაში პაკისტანიდან წლის ბოლოს ჩამოვიდა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან თავდასხმის მონაწილეები.

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა 20 დეკემბერს შევარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა. BBC-ის ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლო ან ავღანელი, ან პაკისტანელია, რომელიც თავშესაფრის მაძიებლად იყო რეგისტრირებული.

ბერლინის პოლიციის პრესსპიკერმა გერმანულ გაზეთ  die Welt-თან საუბრისას განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის მძღოლი მას შემდეგ დააკავეს, რაც მანქანა დატოვა და ფეხით გაიქცა. პოლიციის ცნობით, მძღოლი პარკისკენ გაიქცა და მას თვითმხილველი დაედევნა, რომელმაც დაახლოებით 2 კმ მანძილზე სდია, ბოლოს კი Victory Column ძეგლთან დაინახა, რის შემდეგადაც პოლიცია გამოიძახა.

პოლიციამ დაადასტურა, რომ ერთი ადამიანი სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მათი თქმით, იგი პოლონეთის მოქალაქეა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სატვირთო მანქანას თავდაპირველად ის ატარებდა და საშობაო ბაზრობაზე თავდამსხმელმა გაიტაცა. არიელ ზურავსკი, რომელიც ასევე პოლონელია და სატვირთო მანქანის მფლობელია, ადასტურებს, რომ მისი მძღოლი ორშაბათის მერე მიუწვდომელია და არ გამოჩენილა.

პოლიცია მომხდარს, როგორც შესაძლო ტერორისტულ აქტს იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი