როგორც პარტიის ოფიციალურ facebook გვერდზეა აღნიშნული, შეკრებაზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას ხალხი სტადიონზე მისვლით დააფიქსირებს.
უკვე რამდენიმე დღეა მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს, დასარეგისტრირებლად მხოლოდ ელ–ფოსტის მითითებაა საჭირო და მსურველებს მოსაწვევი ელექტრონულად ეგზავნებათ. ამ დროისთვის რეგისტრირებულია 507 ადამიანი.
ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სულ 78.000 მაყურებელს იტევს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, “აღნიშნულ ღონისძიებაზე დიდი რაოდენობით მოქალაქეთა დასწრება იგეგმება”, ამის გამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა დილიდან შეზღუდულია, ხოლო 13:00 საათიდან წერეთლის, ცაბაძის და დიდუბის ქუჩებზე მოძრაობა საერთოდ შეწყდება. დილიდან შეზღუდული რაოდენობით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
პრეზიდენტი გუშინ მოსახლეობას ქუთაისში, “ტორპედოს” განახლებულ სტადიონზეც შეხვდა, რომელიც 19.400 ადამიანს იტევს.
ყველაზე მასშტაბური ყრილობა ნაციონალურმა მოძრაობამ 8 სექტემბერს გამართა, მმართველმა პარტიამ მხარდამჭერები საქართველოს 11 ქალაქში შეკრიბა.
დღევანდელი შეკრება 17:00 საათზე დაიწყება.
ხვალ მხარდამჭერთა შეკრებას გეგმავს კოალიცია “ქართული ოცნებაც”, პარტიის მხარდამჭერები 29 სექტემბერს თბილისში და ქუთაისში შეიკრიბებიან. თბილისში შეკრება თავისუფლების მოედანზეა დაგეგმილი.