ახალი ამბები

საჯარო მოხელეები მასობრივად შვებულებაში

26 სექტემბერი, 2012 • 1323
საჯარო მოხელეები მასობრივად შვებულებაში

მერის მოვალეობის შემსრულებლის, ჯემალ ანანიძის განცხადებით, მათი ნაწილი ფასიანი, ნაწილი კი უფასო შვებულებით სარგებლობს. ანანიძე აცხადებს, რომ მერიაში 300-მდე თანამშრომელია და ეს მუშაობას არ შეაფერხებს. განცხადებებს შვებულების მისაღებად საჯარო მოხელეები წერენ სამინისტროებსა და დეპარტამენტებში, მათი ნაწილი „ბათუმელებმა“ უსკოს დამკვირვებელთა რიგებში აღმოაჩინა. როგორც ჩანს, რიგ შემთხვევებში, შვებულება ფიქტიურ ხასიათს ატარებს, რადგან „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, რომ შვებულებაში მყოფი რამდენიმე მაღალჩინოსანი სამუშაო კაბინეტში იმყოფება. 

 

 

გიორგი სირაბიძეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ლიცენზირების და სერტიფიცირების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის პოზიცია ეჭირა. იგი სამსახურის დატოვების ორ მიზეზზე საუბრობს: ციხეში წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება და მეორე – მას, როგორც საჯარო მოხელეს, სთხოვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ემუშავა. 

 

 

„ბათუმელებთან“ ის აცხადებს, რომ დავალება ასეთი იყო: სამინისტროდან დაახლოებით 30-მდე საჯარო მოხელე 25 სექტემბერს უნდა გასულიყო ათდღიან უფასო შვებულებაში. მისი განცხადებით, საჯარო მოხელეები დარეგისტრირებული არიან უსკოსა და ცესკოს წარმომადგენლად ოლქებში, ნაწილი კი „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები იქნებიან უბნებზე. 

 

 

გიორგი სირაბიძე განმარტავს, რომ მათი ფუნქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობისთვის საჩივრების დაწერაში ხელის შეშლა იყო. 

 

 

 

უსკოს დამკვირვებელი საჯარო მოხელეები

 

 

გადიან თუ არა საჯარო მოხელეები შვებულებაში მასობრივად და არიან თუ არა ისინი მართლაც უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები? ჩვენ შევეცადეთ ეს ინფორმაცია გადაგვემოწმებინა. აღმოჩნდა, რომ გიორგი სირაბიძეს მართლაც ჰქონდა განცხადება დაწერილი. ეს „ბათუმელებს“ უსკოშიც დაუდასტურეს. აქ განმარტეს, რომ სირაბიძე წარმომადგენლად იმიტომ აღარ დაარეგისტრირეს, რომ საჯარო განცხადება გააკეთა – „მაიძულებდნენო“. 

 

 

უსკოს წარმომადგენლის ფუნქციას კანონი განმარტავს. წარმომადგენელი კენჭისყრის პროცესს აკვირდება და უსკოს აწვდის ინფორმაციას. 

 

 

უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ პირთა სია, რომელიც კომისიამ დამკვირვებლად შეარჩია. უსკოს ოლქებში სულ 71 წარმომადგენელი ეყოლება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ისინი საჯარო მოხელეები არიან, მუშაობენ აჭარის სამინისტროებში, მერიაში და უმაღლესი საბჭოს აპარატში. მათ შორისაა მერიის საფინანსო და საბიუჯეტო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე. ის უსკოს წარმომადგენელი ხულოში იქნება.

 

 

არჩილ ვანაძეს სამსახურის ნომერზე დავუკავშირდით. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად შვებულებაშია, ის სამუშაო კაბინეტში იყო. ვანაძემ განაცხადა, რომ სამსახურში ნივთების წასაღებად  მივიდა. როგორი იქნება მისი ფუნქცია ხულოს მაჟორიტარულ ოლქში? 26 სექტემბერს ის პასუხობს, რომ „ჯერ ზუსტად არ არის ჩამოყალიბებული ამ საკითხზე და დრო ექნება, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან ეს საკითხი გაიაროს.” ზოგადად ფიქრობს, რომ მისი ფუნქცია საარჩევნო პროცესებში ჩართვა, დაკვირვება და ზედამხედველობა იქნება. 

 

 

უსკოს წარმომადგენელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე რაულ აბულაძეც. რა იქნება მისი ფუნქცია, ჯერ მან არ იცის. ამბობს, რომ განცხადება შვებულებაში წასვლის შესახებ 24 სექტემბერს დაწერა, მაგრამ 25 სექტემბერს ისიც, არჩილ ვანაძის მსგავსად, სამუშაო კაბინეტში იყო – „თანამშრომლის დაბადების დღე იყო და მოსალოცად გამოიარა“.   

 

 

უსკოს წარმომადგენელი იქნება ასევე ზვიად მაკარაძე, რომელიც აჭარის ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში მუშაობს მთავარ სპეციალისტად. ამ სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი იქნება უსკოს წარმომადგენელი. ზურაბ ჭურკვეიძე ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსია, ზურაბ ვარშალომიძე კი, ამავე სამინისტროს განყოფილების უფროსი. 

 

 

ამ სამინისტროს ყოფილი მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე, უკვე მეორედ, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ხელვაჩაურში. სულ რამდენი თანამშრომელია შვებულებაში, ფინანსთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ. აქ ამბობენ, რომ პასუხს ოფიციალური წერილის შემდეგ მოგვაწვდიან.   

 

 

ჯანდაცვის სამინისტროდან ოფიციალურად შვებულებაში 12 თანამშრომელია, ამათგან სამმა თანამშრომელმა 7 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე ფასიანი შვებულებით ისარგებლა და შემდეგ კუთვნილი უფასო შვებულებაც აიღო. ხუთი თანამშრომელი 27 აგვისტოდანაა შვებულებაში, ოთხმა კი შვებულება 24 სექტემბერს დაწერა. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, სულხან დიასამიძე არჩევნებს ბათუმის ოლქში დააკვირდება. 

 

 

უსკოს წარმომადგენელთა სიაში არიან ასევე: დავით ბერიძე, -მერიის რწმუნებული გონიო-კვარიათის უბანში; მაია ჭყონია – იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი; ზვიად ანანიძე -აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ლევან ვარშანიძე – უმაღლეს საბჭოს თანამშრომელი; ბადრი ცეცხლაძე – უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.   

 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი, ლევან ხოზრევანიძეც შვებულებაშია, თუმცა ის ნაციონალური მოძრაობის კორდინატორია ხულოში, სხალთის ხეობაში. 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოდან თითქმის ერთდროულად 26 საჯარო პირია შვებულებაში. აპარატში სულ 70 თანამშრომელი მუშაობს.

 

განათლების სამინისტროდან, ბოლო მონაცემებით, ხუთი საჯარო მოხელეა შვებულებაში.

 

 

უფასო შვებულებაში არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც, სულ რვა საჯარო მოხელე. მათ შორის, ქართლოს მახარაძე და ასლან ყურშუბაძე, ისინი უსკოს დამკვირებელთა სიაში არ არიან.

 

ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი თანამშრომელი შვებულებაში ერთდროულად ბათუმის მერიამ გაუშვა. 

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საჯარო მოხელეების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგელები იქნებიან სხვადასხვა ოლქებში, პარტიას მათი წარდგენა არჩევნების წინა დღესაც შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი