ახალი ამბები

შსს-ს დაპირებით, 2017 წელს ზამთრის ყველა კურორტზე უსაფრთხოებას “მოთხილამურე პატრული” დაიცავს

18 დეკემბერი, 2016 • 3206
შსს-ს დაპირებით, 2017 წელს ზამთრის ყველა კურორტზე უსაფრთხოებას “მოთხილამურე პატრული” დაიცავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს.

შსს-სგან 18 დეკემებრს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ყველა რეგიონიდან 74 „მოთხილამურე პატრულს“ ტრენინგი ჩაუტარდა. სწავლება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავდა, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შევიდა. ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტების სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება აიკრძალა.

“სამთო–სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პატრული სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენციას და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს დაპირებით, 2017 წელს საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას, შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, „მოთხილამურე პატრული“ დაიცავს.

„მოთხილამურე პატრულის“ საპილოტე პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარიდან შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი