ახალი ამბები

‘ოცნება’ ‘ნაცმოძრაობას’ კანონიერ ქურდებთან ურთიერთობაში ამხელს

25 სექტემბერი, 2012 •
‘ოცნება’ ‘ნაცმოძრაობას’ კანონიერ ქურდებთან ურთიერთობაში ამხელს

“ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი, ვინც დღეს საქართველოს ფარგლებს გარეთაა, არის ტარიელ ონიანი, მისი მიხეილ სააკაშვილთან დამაკავშირებელი გახლავთ მისი ბიძაშვილი, მესტიაში მაჟორიტარობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”კანდიტ კვიციანი”, – ამბობს “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი.

მისივე თქმით, ადამიანის წამებაში ბრალდებული, რომელსაც 11 წელი ჰქონდა მისჯილი, გვარად ხვისტანი და რომელიც შევარდნაძის დროს აწამებდა ადამიანებს,  რომელიც გაუპტიურებით ემუქრებოდა “კმარას” ერთ–ერთ  წევრსა და დღეს პოლიციის მაღალჩინოსანს გოგა ონიანს, გამოუშვეს ზუსტად არჩევნების წინ და მთელი დღის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი ქეიფობდა ამ კაცთან ოჯახში.

“რატომ არის, რომ კანონიერ ქურდებთან და ე.წ. ავტორიტეტებთან არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ასე თბილად ჩახუტებულები?” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა საგარეჯოში თინათინ ხიდაშელმა.

“იკითხეთ “ჯღანა” საგარეჯოში. ერთ–ერთი გახმაურებული კრიმინალური საქმის მთავარი გმირები– “ჯღანა” მუშაობს ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბში. ოფიციალურად, ღიად, არავინ არ მალავს.  მეორე ადამიანი “ვინიპუხა” საარჩევნო პლაკატზე ჰყავს ჩემს კონკურენტს გია ჩალათაშვილს საგარეჯოში. და მესამე “გმირი” იმ ამბების, ალიკა დავითაშვილი ახმეტაში ჩვენი ზურაბ ზვიდაურის წინააღმდეგ მოქმედებს “ნაციონალების” შტაბში. როდესაც ვინმეზე რამე სპექტაკლებს დგამთ და ფილმებს იღებთ, ერთადერთ რამეს გთხოვთ, ვიღაცა პარიზში ჩავა სასეირნოდ და ამ სეირნობაში ის “დამაჯერებლად ილაპარაკებს”, რომ ვიღაცებს ვიღაცებთან კავშირი ჰქონიათ, მივმართავ “რუსთავი 2”–ის, “იმედისა” და “რეალ–ტივის” ჟურნალისტებს, ჩამოდით საგარეჯოში და ნებისმიერი კედელი გადაიღეთ, რომელზეც გაკრულია პლაკატები. ამას არ სჭირდება მოკვლევა, ჟანდარმერია, დიდი ფილოსოფია, ეს კაცი, “ვინიპუხა” არის პლაკატზე და მორჩა. ის სრულიად შეგნებულად არის პლაკატზე, იმისათვის, რომ დააშინონ მოსახლეობა”, – განაცხადა ხიდაშელმა.


შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა მასალები, რომელიც პროკურატურის განცხადებით, მიიღეს საფრანგეთის ჟანდარმერიისგან და რომელშიც კანონიერი ქურდები და გოგა ხაინდრავა არიან ერთად დაფიქსირებული საფრანგეთში. 

 

პროკურატურის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომდგენელსა და  საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების  გამოწვევას,  კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი