თბილისის ზღვის განვითარების კონცეფცია ამ ტერიტორიის რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებითა და ბიზნესცენტრებით დატვირთვას გულისხმობს. გეგმა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით, PricewaterhouseCoopers (PwC)-მა მოამზადა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წარუდგინეს.
„ჩვენი აზრით, ამ პროექტს აქვს თბილისის ზღვის ტერიტორიის ახლებურად გამოყენების პოტენციალი, ასევე, მომდევნო წლების განმავლობაში – საქართველოს სახელმწიფოს მომავლის ხედვის შემადგენელ ნაწილად და მნიშვნელოვან წამოწყებად ჩამოყალიბების პერსპექტივა“, – განაცხადა PwC-ის პარტნიორმა მაიკ უაილდერმა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, კონცეფციის შემუშავების პროცესში, PwC-თან ერთად, ჩართული იყო არქიტექტურული და ურბანული განვითარების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოში ცნობილი კომპანია Chapman Taylor. საკონსულტაციო კომპანია PricewaterhouseCoopers მსოფლიოს 157 ქვეყანაში საქმიანობს.