ახალი ამბები

გოგუაძის თქმით, პრეზიდენტთან ტელეფონით დაგეგმილი შეხვედრის ამბავი “იმედმა” შეიტყო

15 დეკემბერი, 2016 • 3067
გოგუაძის თქმით, პრეზიდენტთან ტელეფონით დაგეგმილი შეხვედრის ამბავი “იმედმა” შეიტყო

პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები, ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე 14 დეკემბერს დუშეთში, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. დუშეთში ჩასულ პოლიტიკოსებს პრეზიდენტის სახლთან ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტები დახვდნენ. გოგუაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, როგორ მიიღეს ტელეკომპანიის რეპორტიორებმა ინფორმაცია შეხვედრის თაობაზე, როცა შეხვედრა სატელეფონო საუბრის შედეგად დაიგეგმა. ამის თაობაზე ნინო გოგუაძემ დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა:

“შეხვედრა [პრეზიდენტთან] მოხდა შალვა შავგულიძისა და ჩემი ინიციატივით. ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს ეს შეხვედრა და ბატონმა პრეზიდენტმა გვთხოვა, რომ სოსო ბარათაშვილიც დასწრებოდა ამ შემხვედრას და ასე აღმოვჩნდით დუშეთში, პრეზიდენტის სახლში. სხვათა შორის, ბატონ პრეზიდენტთან, გარდა იმისა, რომ ის საქართველოს პრეზიდენტია, გვაკავშირებს ძალიან დიდი ხნის მეგობრობა და თანამებრძოლობის საერთო ბიოგრაფია. უბრალოდ, ცოტა უცნაური იყო, რომ “იმედმა” გაიგო ამ შეხვედრის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომუნიკაცია იყო მხოლოდ ტელეფონით, “იმედმა” ამის შესახებ გაიგო და ასე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. თუმცა, მართალი გითხრათ, ჩვენ დასამალი ამ შეხვედრის შესახებ არაფერი გვქონდა. დიახ, ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტს, მათ შორის “კაბელების” საკითხზე, ვესაუბრეთ თავისუფალი დემოკრატების სამომავლო გეგმებზე. ვესაუბრეთ უკვე განვლილ არჩევნებზე და იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც საქართველოშია და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე,” – ამბობს ნინო გოგუაძე.

კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი პატიმრების შეწყალებაზე, გოგუაძე პასუხობს, რომ მათ პრეზიდენტს მისთვის საჭირო ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდეს და გადაწყვეტილებას თავად მარგველაშვილი მიიღებს:

“შეწყალება ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი თავისთვის არ მიგვიცია უფლება, რომ მისთვის შეწყალება გვეთხოვა. მას მივაწოდეთ მისთვის საჭირო ინფორმაცია და პრეზიდენტი თავად გადაწყვეტს, შეიწყალებს თუ არა ამ ადამიანებს.”

თავდაცვის სამინისტორს ყოფილი მაღალჩინოსნების ე.წ. კაბელების საქმის განხილვა ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. გოგუაძის თქმით, სასამართლოს შემდეგი სხდომა 16 იანვრამდე გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი