ნეტგაზეთი | მამედიაროვი: საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტებს უკანონოდ მივიჩნევთ მამედიაროვი: საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტებს უკანონოდ მივიჩნევთ – Netgazeti

მამედიაროვი: საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტებს უკანონოდ მივიჩნევთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ცალსახად არ აღიარებს აზერბაიჯანიდან უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ვიზიტებს.

ელმარ მამედიაროვმა ეს განცხადება სუამის მე-9 სესიაზე გააკეთა და ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ შეახსენა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღიარებს და ამავეს უნდა აკეთებდნენ სხვა წევრი ქვეყნები.

“ზოგიერთ შემთხვევაში უკრაინიდან და საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება ვიზიტები. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი პოზიცია ამ საკითხში ცნობილია. ჩვენ არ ვუშვებთ მსგავს უკანონო ვიზიტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ პრინციპს სუამის ყველა წევრი ქვეყანა უნდა იცავდეს”.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ საკითხში საერთაშოროსო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

2016 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანში 623 უცხო ქვეყნის მოქალაქე ირიცხება, მათ შორის, არიან რუსეთის ფედერაციის, საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, უკრაინის, ისრაელის, ბელგიის, ინდოეთის, შვეიცარიის, იტალიისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. აზერბაიჯანის საგარეო სამინისტროს განცხადებით, “დაკავებული თანამდებობის მიუხედავად, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაარღვევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებს არალეგალურად ესტუმრება, არასასურველ პირთა ნუსხაში მოხვდება. კანონის წინაშე ყველა თანაბარია”. ამავე მიზეზით აზერბაიჯანში შესვლა აეკრძალა საფრანგეთის შს მინისტრს, რომელიც პარლამენტში მუშაობის დროს მთიან-ყარაბაღში იმყოფებოდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი