ახალი ამბები

ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზება დაიწყო

15 დეკემბერი, 2016 • 3309
ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის ორგანიზება დაიწყო

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის მიუხედავად, ხუთშაბათს, 15 დეკემბერს, ალეპოდან მოსახლეობის ევაკუაციის დაწყებას ელიან.

“ბიბისი” წერს, რომ აჯანყებულების ცნობით, ავტობუსების ერთმა კოლონამ ქალაქიდან გასვლა სცადა, თუმცა მას ცეცხლი გაუხსნეს და უკან დააბრუნეს. ადგილობრივი საავადმყოფოს ცნობით, დაშავებულია 3 ადამიანი.

როგორც სირიელმა ოფიციალურმა წყარომ “როიტერსს” დაუდასტურა, დაწყებულია ალეპოში დარჩენილების ევაკუაციის მოსამზადებელი ოპერაცია. მათივე ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია – “წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება”. “წითელმა ჯვარმა” დაადასტურა, რომ ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობას “წითელი ნახევარმთვარის” ორგანიზაციასთან ერთად მიიღებს.

მიუხედავად ამისა, როგორც “ესოშიეითიდ პრესი” წერს, ალეპო (ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა) არც ერთ ავტობუსს თუ სასწრაფო დახმარების მანქანას არ დაუტოვებია.

13 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებული მხარეები (აჯანყებულები და სირიის მთავრობა და მისი მოკავშირეები) შეთანხმდნენ, რომ ალეპოში დარჩენილ მოსახლეობას (მშვიდობიან მოქალაქეებსა და აჯანყებულთა იმ ნაწილს, ვინც მსუბუქად იყო შეიარაღებული) ქალაქიდან უსაფრთხოდ გასვლის საშუალებას მისცემდნენ. ალეპოში სამთავრობო ავტობუსები 13 დეკემბერსვე შეიყვანეს, თუმცა ევაკუაციამ დაიგვიანა. როგორც აღმოჩნდა, ევაკუაციის დაგვიანების მიზეზი ის გახდა, რომ აჯანყებულებთან მოლაპარაკება რუსეთმა და თურქეთმა ირანისა და სირიის ჩარევის გარეშე გამართეს.

როგორც “ბიბისი” წერს, რუსი ჯარისკაცები (ისინი სირიის სამთავრობო ჯარების მხარეს იბრძვიან) აპირებენ, ალეპოში დარჩენილ მოსახლეობას სირიის ქალაქ იდლიბისაკენ ავტობუსებითა და სასწრაფო დახმარების მანქანებით გაუძღვნენ და მათ უსაფრთხო ევაკუირებას თვალყური მიადევნონ. მედიის ცნობით, რუსული მხარე იუწყება, რომ სირიის მთავრობაც იძლევა აჯანყებულების ალეპოდან უსაფრთხოდ გაყვანის გარანტიას.

სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებში ალეპოში დარჩენილი მოსახლეობის ვიდეოები გავრცელდა, – მოქალაქეებს ეშინოდათ, რომ აჯანყებულების დამარცხებისა და ქალაქის აღების პარალელურად, ასადის რეჟიმი მათაც სასტიკად მოეპყრობოდა. გაეროს ინფორმაციით, ასადის მხარდამჭერები ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში იჭრებოდნენ და ადგილზე ხოცავდნენ მოქალაქეებს. ეს ყველაფერი გაერომ “კაცობრიობის კრიზისად” შეაფასა. სამთავრობო ძალების მოქმედებას “გენოციდს” უწოდებდნენ ალეპოელები და ამბობენ, რომ ქალაქში დარჩენილი ყველა ადამიანი საფრთხეშია. ამიტომ ითხოვდნენ მხარდაჭერასა და დახმარებას საერთაშორისო საზოგადოებისგან. სწორედ ამ საფრთხეების შეახებ საუბრობენ გავრცელებულ ვიდეოებში.

ალეპო, რომელიც ოდესღაც ქვეყნის ინდუსტრიული ცენტრი იყო 2-მილიონიანი მოსახლეობით, უკვე წლებია, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებსა და მის წინააღმდეგ აჯანყებულებს შორის ბრძოლის ველადაა ქცეული. აჯანყებულებს ასადის რეჟიმის დამხობა სურთ, თუმცა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ახერხებენ, დაიბრუნონ პოზიციები აღმოსავლეთ ნაწილში, რასაც აჯანყებულები დამარცხებისკენ მიჰყავს. ბოლო პერიოდში ასადის ჯარებმა, რუსეთის საჰაერო ძალების დახმარებით, აჯანყებულები ქალაქის მცირე დასახლებებში მიიმწყვდიეს, ახლა კი, რუსეთის თქმითვე, ასადის ხელისუფლებამ ქალაქის მთელ ტერიტორიაზე აღადგინა კონტროლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი