ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კოკოითი აფხაზეთში პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს

14 დეკემბერი, 2016 • 2518
კოკოითი აფხაზეთში პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოუწოდებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი აფხაზეთის პოლიტიკურ ძალების დიალოგისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი წერს.

“დღეს მოძმე აფხაზეთში ყველა პოლიტიკური ძალის წინაშე მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ამოცანა დგას. ვთხოვ ყველა ჩემს ძმას, კონსტრუქციული დიალოგი გამართონ, რომელიც აფხაზ ხალხს გააერთიანებს და წინსვლის საშუალებას მისცემს.

ჩვენმა ხალხებმა 80-იანი წლების ბოლოს ქართულ ნაციონალურ ფაშიზმს გაუწიეს წინააღმდეგობა და სისხლისმღვრელ ომებს გადაურჩნენ, თავისუფლება მოიპოვეს და ერთ დღესაც, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყვნენ აღიარებული. ჩვენ რუსეთის წინაშეც პასუხისმგებელი ვართ, რომელიც მძიმე დროს ჩვენი ხალხის გვერდით იყო და პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და მომავალი მოგვცა”, – ამბობს კოკოითი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციური ძალები 2016 წლის 15 დეკემბერს სახალხო მსვლელობას გეგმავენ. ოპოზიცია პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი