21:12 ამ დროისთვის ფილარმონიასთან მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი რჩება, მათთან ერთად არიან სასულიერო პირებიც. ფილარმონიის ტერიტორიას ტოვებენ სამართალდამცავებიც.

20:50 კოსტავას ქუჩაზე პოლიციელებსა და სტუდენტებს შორის ინციდენტი მოხდა. სტუდენტთა ნაწილი კინოთეატრ ამირანთან გზის სავალ ნაწილზე გადავიდა, რის შემდეგაც პოლიციელებმა ისინი ძალის გამოყენებით გზიდან გადაიყვანეს, რა დროსაც ერთ-ერთ სტუდენტს გული წაუვიდა. პოლიციამ კორდონი ამჟამად კოსტავას ქუჩაზეც შექმნა.
ამჟამად, სტუდენტების რაოდენობა ფილარმონიასთან შემცირებულია. აქციაზე მყოფმა სასულიერო პირებმა სტუდენტებს დაშლისკენ და ხვალ, 25 სექტემბერს, 3 საათისთვის შეკრება მოუწოდეს.

20:43 ზაქირ რახმანოვს, რომელიც აქციაზე საკუთარი ავტომობილით მივიდა, მოძრაობის წესების დარღვევისთვის პოლიციამ 200 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ და კვლავ ისმის შეძახილები.
20:41 რამდენიმე წუთის წინ ფილარმონიასთან, კოსტავას გამზირზე ინციდენტი მოხდა. შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტი, აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაქირ რახმანოვი აცხადებს, რომ ის სტუდენტურ პროტესტში იღებდა მონაწილეობას და მას და მის მეგობარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მართვის მოწმობა წაართვეს. რახმანოვის მეგობრები, “ქართული ოცნების” აქტივისტები აღნიშნავენ, რომ ის პირები, ვინც ზაქირ რახმანოვს თავს დაესხნენ, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული პოლიციელები იყვნენ.
20:28 ფილარმონიასთან აქციის მონაწილეთა რაოდენობა თანდათან მცირდება, ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, აქცია დღეს მშვიდობიანად დასრულდა და ხვალ 3 საათიდან უნივერსიტეტთან განახლდება. სტუდენტების ნაწილი სალოცავად ლურჯ მონასტერში წავიდა. მობილიზებული პოლიცია, კვლავ ფილარმონიასთან რჩება.
20:09 მეტრო “რუსთაველიდან” კოსტავამდე გზაზე ჩამწკრივებულია ათამდე ყვითელი ავტობუსი, რომლებიც სავსეა პოლიციელებით, ასევე ტერიტორიაზე იმყოფება მსუბუქი ავტომობილები, რომლებშიც ასევე პოლიციელები სხედან.
19:47 მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ კორდონი გააკეთა, იმისთის რომ აქციის მონაწილეები გზის სავალ ნაწილზე არ გადავიდნენ.
19:38 ამ წუთებში ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან წამოსული სტუდენტები ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეემა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის, ფილარმონიასთან 3 საპატრულო პოლიციის მანქანაა მობილიზებული.
18:20 აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც სკანდირებენ- “ადეიშვილი ციხეში”
17:02 აქციის მონაწილეები თავდაცვის სამინისტროდან იუსტიციის სახლისკენ აგრძელებენ მსვლელობას.
16:53 თავდაცვის სამინისტროს წინ შეკრებილი სტუდენტები სამ მოთხოვნას აყენებენ. 1.აუცილებლად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდა და შეწყდეს ძალადობა, 2. შეწყდეს ტერორი ყველა იმ ოჯახზე, რომელთა წარმომადგენლებიც აქციაზე არიან, შეწყდეს ტერორი საზოგადოებაზე. 3. მედია აქციას გვერდით დაუდგეს და ობიექტურად გააშუქოს.
ამ წუთებში სტუდენტებმა სიმღერა “ჩემო კარგო ქვეყანა” შეასრულეს.
16:15 – სტუდენტები მსვლელობით მივიდნენ თავდაცვის სამინისტროსთან. ისინი ჯარისკაცებს მოუწოდებენ, დადგნენ სტუდენტების გევრდით.
15:30 – თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტთან სტუდენტების აქცია დაიწყო, რომელსაც უერთდებიან თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი უკვე ერთი კვირაა აპროტესტებენ პატიმართა მიმართ განხორციელებულ ძალადობას. “მშვიდობა! არა ძალადობას!” – სკანდირებენ სტუდენტები. ისინი უკვე დაიძრნენ თავდაცვის სამინისტროსკენ, სადაც გააგრძელებენ პროტესტის გამოხატვას სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის და ამჟამად თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ.