ფონდი “ივერია”, რომელიც მახათას მთაზე ეკლესიას აშენებს, რეორგანიზაციის შედეგად საზოგადოებად გადაკეთდება და მას პაატა ბურჭულაძის ნაცვლად გიორგი თავაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს:
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2010წ. დაარსებული ფონდი „ივერიისა“ უკვე მეექვსე წელია მახათას მთაზე ანხორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის; მაგრამ მან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია.
ფონდის ხელმძღვანელობა დაეკისრა ბ-ნ გიორგი თავაძეს და მოხდა მისი რეორგანიზაცია. ის გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან. ა.წ. 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მახათას მთაზე. 1200 სთ-ზე კი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს.
ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.