ახალი ამბებიეკონომიკა

უშუქობა ტარიფის შენარჩუნების სანაცვლოდ? – რას უკავშირდება დენის ხშირი გათიშვა

14 დეკემბერი, 2016 • 4731
უშუქობა ტარიფის შენარჩუნების სანაცვლოდ? – რას უკავშირდება დენის ხშირი გათიშვა

უამინდობის შემთხვევაში, ანუ თუკი ინტენსიური წვიმა, თოვა ან ქარი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, აბონენტების უმრავლესობა ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამას გარდა, ყოველდღიურად თბილისში ათასობით აბონენტს ეთიშება დენის მიწოდება ე.წ. პროფილაქტიკური სამუშაოების გამო. რატომ ვერ ახერხებენ ენერგოდისტრიბუტორი კომპანიები ქსელის სრულყოფილ რეაბილიტაციას? – როგორც ირკვევა, ეს ტარიფების საკითხს უკავშირდება.

დეკემბრის დასაწყისში ინტენსიური თოვისა და წვიმის გამო ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 2 დღის მანძილზე დარჩნენ ქუთაისის, იმერეთის ზოგიერთი მუნიციპალიტეტისა და აჭარის მაღალმთიანეთის აბონენტები, რაც ენერგო პრო ჯორჯიამ ქსელის დაზიანებებით ახსნა. ორშაბათს კი, თბილისში, სოლოლაკში – მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა მოსახლეობას შუქი, რაც თელასის ცნობით, სოლოლაკის ქვესადგურის გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდებოდა.

როგორც ირკვევა, ქსელის რეაბილიტაციისთვის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიები ყოველწლიურად გარკვეული მოცულობის ინვესტიციას ახორციელებენ, რაც დენის ტარიფზე აისახება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) სწორედ ამ დღეებში უთანხმდება ენერგოკომპანიებს იმ საინვესტიციო მოცულობებზე, რომლებსაც ისინი ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში ჩადებენ.

სემეკთან შეთანხმების თანახმად,  “თელასს”, რომელსაც 500 ათასი აბონენტი ჰყავს, 2017 წლის განმავლობაში 28 739 368 ლარის ოდენობით ინვესტიციების განხორციელებაზე შეუთანხმდა, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიამ”, რომელიც მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, 51 475 053 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

შენარჩუნებული ტარიფები და არასაკმარისი ინვესტიცია

“ენერგო პრო ჯორჯიას” და “თელასის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზამთარს მომზადებული შეხვდნენ. თუმცა ინვესტიციების არსებული მოცულობა სისტემის სრულიად გამართული ფუნქციონირებისთვის საკმარისი არ არის.

“რა თქმა უნდა, თანხები საკმარისი არ არის,”-  გვეუბნება სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე.

ნუგზარ ბერიძე განმარტავს, რომ ინვესტიციის გაზრდა ტარიფზე ზეწოლას ნიშნავს. მისივე თქმით,  საჭიროა ბალანსის დაცვა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობასა და განხორციელებულ ინვესტიციას შორის.

“რაზეც არის ახლა ლაპარაკი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ტარიფში მისი ასახვა არ იყოს ძალიან მძიმე ტვირთი მოსახლეობისთვის. რეგულირებაში არსებობს წონასწორობის ცნება, ანუ არ არის მიზანშეწონილი, იმაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ქსელში და თუნდაც 100%-იანი საიმედოობა ჰქონდეს და ამ დროს ეს იყოს ხელმიუწვდომელი მოსახლეობისთვის. სერვისი, ნებიმიერ შემთხვევაში, უნდა ითვალისწინებდეს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას,”- ამბობს ნუგზარ ბერიძე.

ბერიძის განმარტებით, ინვესტირებული თანხები დაიხარჯება შერჩეულ პროექტებზე:

“კომპანიამ იცის, სად აქვს სუსტი ადგილები, თუმცა ბევრი პროექტი ჩვენი მითითებით იქნა ჩასმული. მაგალითად, ქვესადგური ბათუმი 3, რომელიც ავარიულად გაითიშა ძალიან მასშტაბური ღონისძიების, ფესტივალის დროს. როდესაც მოვიკვლიეთ ეს საკითხი, ჩავთვალეთ, რომ საჭიროა მოხდეს ქვესადგურის სრული რენოვაცია,”- აცხადებს ნუგზარ ბერიძე.

“ენერგო პროს ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ მათ მოძებნეს ოქროს შუალედი და აიღეს ინვესტიციების ის მოცულობა, რაც გაზრდილი ტარიფის სახით მოსახლეობას არ დააწვება. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ავთო დვალიშვილის განცხადებით, ყველაფერი ერთიანად ვერ გამოსწორდება, თუმცა ეტაპობრივად მიდიან ქსელის შეკეთებისა და გამოცვლისკენ:

“ჩვენი ქსელი, ამას არავინ ამბობს, რომ იდეალურია. ამიტომ საჭიროებს ასეთ სამუშაოებს. რაც შეეხება მომზადებას და ქსელის მდგომარეობას, ჩვენ მილიონზე მეტი აბონენტი გვყავს და ეტაპობრივად მივდივართ, რომ ქსელის მდგომარეობა გამოსწორდეს. სემეკმა დაგვიმტკიცა საინვესტიციო გეგმა…  ჩვენ შეგვეძლო, ვთქვათ, ეს 51 მილიონი ყიფილიყო 200 მილიონი. ამის დახარჯვას შევძლებდით და მოვასწრებდით, თუმცა ჩვენ ავიღეთ ინვესტიციების ისეთი ოდენობა, რომ ეს მოსახლეობას არ დააწვეს,”- განაცხადა “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

2017 წელს "ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ განსახორციელებელი ინვესტიციები. წყარო: სემეკი

2017 წელს “ენერგო პრო ჯორჯიას” მიერ განსახორციელებელი ინვესტიციები. წყარო: სემეკი

2017 წელს "თელასის" მიერ განსახორციელებელი ინვესტიციები. წყარო: სემეკი

2017 წელს “თელასის” მიერ განსახორციელებელი ინვესტიციები. წყარო: სემეკი

გაიზრდება თუ არა ტარიფი?

“თელასსა” და “ენერგო პრო ჯორჯიას” სემეკისთვის ტარიფების გაზრდის შესახებ არ მიუმართავთ. სემეკის წევრი, გოჩა შონია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ “სამომხმარებლო ტარიფებზე გაძვირების ტენდენცია არ არის”.

“ხშირად კითხულობენ, კურსი მოქმედებს თუ არა. ზოგადად, კურსი მოქმედებს, თუმცა, კურსის გარდა, არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მოქმედებს ტარიფის ფასწარმოქმნაზე,”- განაცხადა გოჩა შონიამ ჟურალისტებთან საუბრისას.

სემეკის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია “ახალი საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ტარიფების მომატება დოლარის მიმართ ლარის კურსის გათვალისწინებით გარდაუვალია. ინვესტიციების შემცირების ხარჯზე არსებული ტარიფების შენარჩუნება ჩალაგაშვილისთვის მიუღებელია. მისივე თქმით, ქვესადგურები, რომლებიც ენერგოდეფიციტის ყველაზე დიდ ნაწილს ავსებს, მუშაოს გაზზე, რომელსაც დოლარში ყიდულობენ. 

“უნდა მოხდეს ტარიფის ზრდა, ან არის მეორე გამოსავალი, კომპანიები უნდა გადავიდნენ გახშირებულ გათიშვებზე იმის გამო, რომ ნაკლებს წააგებენ, ვიდრე შეიძლება წააგონ 24-საათიანი მომარაგების დროს,”- განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიებმა რომც არ მიმართონ სემეკს ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით, სემეკმა თავად უნდა შეისწავლოს ვითარება:

“სემეკი იმიტომ არის სემეკი, რომ მას აქვს ვალდებულება, კომპანიამ რომ არც მიმართოს, გამოითხოვოს დოკუმენტაცია. სემეკი არა მხოლოდ მარეგულირებელია, მან უნდა დაიცვას კომპანიის უფლებები და თუ ხედავს სემეკი, რომ კომპანიას აქვს პრობლემა და კომპანია მიდის ზარალზე და რეალურად, დარგი და სისტემა ინგრევა, თავისთავად, სემეკმა არ უნდა დაუწყოს ლოდინი კომპანიებს,”- განაცხადა ჩალაგაშვილმა.

ლამპა, დაცული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ფოტო: ეროვნული მუზეუმი

ლამპა, დაცული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ფოტო: ეროვნული მუზეუმი

2015 წლის 1 აგვისტოდან საქართველოს რეგიონების მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფი 3.95 თეთრით გაეზარდა. მაშინ გაძვირება დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებით ახსნეს.

ყველა ენერგოკომპანიის მიმართ ტარიფები სემეკმა 2016 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს.

არის თუ არა მოსალოდნელი გეგმიური გათიშვები ზამთარში?

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ უმჯობესია, გეგმიური საუშაოები განხორციელდეს ზაფხულში ან შემოდგომაზე”.

“გეგმიურ სამუშაოებზე პროცედურა ისეთია, რომ უნდა განხორციელდეს წლის ისეთ პერიოდში, როდესაც ამინდი ხელსაყრელია და, შესაბამისად, სამუშაოების ჩატარება უფრო იოლი და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელია. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, გეგმიური გათიშვები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ ვერანაირად, რომ ზამთრის სეზონშიც არ იყოს გეგმიური გათიშვები ჩასატარებელი,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება სოლოლაკის ქვესადგურის გათიშვებს, რამაც თბილისის მოსახლეობის ნაწილი 10 დეკემბერს ღამით ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ ეს ქვესადგური საკვანძოა და მისი ჩანაცვლება შეუძლებელი იყო.

“გასაგებია, რომ მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამ შემთხვევაში, მაგრამ ამ სამუშაოების წარმოება იყო აუცილებელი, რომ ზუსტად იმ რაონის მოსახლეობას  ჰქონდეს უწყვეტი და ხარისხიანი ელექტრომომარაგება,”- განუცხადა ნეტგაზეთს “თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ.

“თელასში” ასევე განგვიცხადეს, რომ გეგმიური სამუშაოები თითქმის დასრულებულია და დიდხნიან გათიშვებს ზამთარში არ უნდა ველოდოთ:

“დარჩა ძალიან მცირე რაოდენობა, რომ ახალი აბონენტები, რომლებიც ქსელს უერთდებიან, ვთქვათ, ახალი კორპუსი შენდება, ახალი ობიექტი, იმათ ხომ უნდა მივაწოდოთ ელექტროენერგია, ამისათვის დროებით აუცილებელია, ამა თუ იმ უბანს შეუწყდეს ელექტროენერგია, რომ ახალი აბონენტების მიერთება მოხდეს,”- განაცხადა ვალერი ფანცულაიამ.

რაც შეეხება “ენერგო პრო ჯორჯიას, განაცხადეს, რომ გეგმიური სამუშაოები მოსალოდნელია და ამის შესახებ აბონენტებს წინასწარ აცნობებენ. კომპანიის განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც უამინდობის გამო განახლებული ინფრასტრუქტურაც ფუჭდება:

“ზემო აჭარას თუ გულისხმობთ, ისეთი რელიეფი და ისეთი კლიმატური პირობებია, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ქვეყანაში, მსგავს სიტუაციაში, სამწუხაროდ, ხდება დაზიანებები. მაგალითად, ისეთი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც გამოვცვალეთ სულ ახლახან, სრულიად ახალი ხაზი, ისიც კი დაგვიზიანდა იმიტომ, რომ განსაკუთრებული კლიმატური პირობები შეიქმნა, დიდ თოვლს დაერთო ყინვა და ა.შ… მომზადებული ნამდვილად შევხვდით, ეს იმას ნიშნავს, რომ რეაგირება ნამდვილად მყისიერია კომპანიის მხრიდან, როცა დაზიანებება ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში, თოვლში შედიოდნენ ჩვენი თანამშრომლები, რომ დაზიანების ადგილი აღმოეჩინათ და აღედგინათ,”- განაცხადა ავთო დვალიშვილმა.

გეგმიური სამუშაოების გამო 15 და 16 დეკემბერს “ენერგო პრო ჯორჯიას” გამოცხადებული აქვს მოსალოდნელი შეზღუდვები:

ხოლო კომპანია თელასი, როგორც წესი, ყოველი დღის ბოლოს აცხადებს მომდევნო დღის ფარგლებში დაგეგმილი პროფილაქტიკური ღონისძიებების გამო მოსალოდნელი გათიშვების შესახებ ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი