ახალი ამბები

‘ქართული ოცნების’ წევრმა თავდასხმის შედეგად მხედველობა დაკარგა

24 სექტემბერი, 2012 • • 1460
‘ქართული ოცნების’ წევრმა თავდასხმის შედეგად მხედველობა დაკარგა

მამუკა არეშიძის თქმით, საარჩევნო შტაბის წევრები გარდაბნიდან სახლებში, თბილისში, გვიან დაბრუნდნენ, მათ შორის იყო ბუბა დვალი. 

“სახლში მისვლისას, მუხიანში, ბუბა დვალმა საცხოვრებელ კორპუსთან დაინახა “შკოდას” მარკის თეთრი ავტომობილი ტრანზიტული ნომრებით. მან აღნიშნული ფაქტი საეჭვოდ მიიჩნია და ფრთხილად გაემართა სადარბაზოსკენ. სადარბაზოში შესულმა კედლისკენ პირით დაინახა ადამიანი ქალის სილუეტით. ბუბა მას მიუახლოვდა და უნდა ეკითხა, რამე დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. ამ დროს აღნიშნული პიროვნება შემოტრიალდა და ბუბა დვალს სახეში გაურკვეველი ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შემდეგაც მას თვალები აეწვა და მხედველობა დაკარგა, მოგვიანებით მან საავადმყოფოში აღიდგინა, რომ თავდამსხმელი სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა, ჩაჯდა ავტომობილში, რომელიც სწრაფად მოწყდა ადგილს. ბუბას ეჭვი აქვს, რომ ეს სწორედ ის “შკოდა” იყო”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მამუკა არეშიძემ. მისი თქმით,  სასწრაფო დახმარება ოჯახმა მალევე გამოიძახა, რომელმაც, თავის მხრივ, უხმო პატრულს. მამუკა არეშიძის ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია შემთხვევიდან რამდენიმე საათში მივიდა ბუბა დვალის ოჯახში, თუმცა, დილის 5 საათის ინფორმაციით, ისინი არ მისულან საავადმყოფოში და არ დაუკითხავთ დაზარალებული.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ბუბა დვალის სამედიცინო გამოკვლევების პასუხი რამდენიმე საათში იქნება ცნობილი, რის შემდეგაც ექიმები იტყვიან,  ბუბა დვალს აღუდგება თუ არა მხედველობა.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, მას სამართალდამცავი უწყებიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გარკვეული სახის თავდასხმა “ქართული ოცნების” შტაბის წევრებზე, მათ შორის დვალზე.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაგვპირდა, რომ ფატქთან დაკავშირებით ინფრომაციას მოიძებს და გაგვაცნობს. “ნეტგაზეთი” სიახლეს დაუყოვნებლივ შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი