ახალი ამბები

დიმიტრი ქუმსიშვილი: პრემიერ-მინისტრი არის ვაჟკაცი, ქვეყნის პატრიოტი და მოსიყვარულე

13 დეკემბერი, 2016 • 2336
დიმიტრი ქუმსიშვილი: პრემიერ-მინისტრი არის ვაჟკაცი, ქვეყნის პატრიოტი და მოსიყვარულე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არის ვაჟკაცი, კარგი კაცი, განათლებული, პატრიოტი და  მოსიყვარულე. ამის შესახებ მან გიგა ბოკერიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს. კითხვის დასმისას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერს, გიგა ბოკერიას მოქმედი პრემიერ-მინისტრის გვარი შეეშალა და მის ნაცვლად ყოფილი პრემიერ-მინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახსენა:

“ამ ქვეყნის პრემიერ-მინსიტრი გახლავთ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც არის ძალიან  ვაჟკაცი, კარგი კაცი, განათლებული, ქვეყნის პატრიოტი, მოსიყვარულე და მას აქვს კონკრეტული პასუხისმგებლობები და არც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილია და არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი,” – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გიგა ბოკერიამ მინისტრს მოუწოდა, საკითხს დაბრუნებოდა და აღნიშნა, რომ  მასაც შეუძლია თქვას, ვინ არის ვაჟკაცი და ვინ არა:

“შეურაცხყოფად მიიღეთ, გვარი რომ შემეშალა? შეურაცხყოფაა ეს? საკითხს დაუბრუნდით, აქ რაღაც პინგ-პონგში კი არ ვართ. მეც შემიძლია ათასი რამე გითხრათ მსგავსი, ვინ არის ვაჟკაცი და ვინ არა. კონკრეტული კითხვა დაგისვით, შეურაცხყოფის გარეშე,”- განაცხადა ბოკერიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი