ახალი ამბები

საახალწლო ღონისძიებები თბილისში, რისთვისაც 1,5 მლნ ლარი დაიხარჯება

14 დეკემბერი, 2016 • 3686
საახალწლო ღონისძიებები თბილისში, რისთვისაც 1,5 მლნ ლარი დაიხარჯება

15 დეკემბერს თბილისში, პარლამენტის წინ ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთება და “ლაით შოუ” მოეწყობა. ამით ქალაქში საახალწლო ღონისძიებები ოფიციალურად გაიხსნება და 17 იანვრამდე გაგრძელდება. თბილისის მერია ღონისძიებისათვის, ჯამში, 1 487 833 ლარს გამოყოფს.

წელს სადღესასწაულო ღონისძიებების უმეტესობა დედაენის ბაღში და “ახალ ტფილისში” მოიყრის თავს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ტერიტორიებზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიმართება ღონისძიებები ყველა ასაკის სტუმრისათვის. მოეწყობა საახალწლო ბაზრობა და სხვადასხვა ინსტალაციის გამოფენა, ასევე, მუსიკალური შოუები და კონცერტები.

“ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე განთავსდება “საახალწლო მატარებელი”, რომლის ვაგონებიც სხვადასხვა კომპანიის დახლებს გააერთიანებს. მატარებლის მომსახურე პერსონალი კი კოსტუმირებული პერსონაჟები იქნებიან.

25 დეკემბერს დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი კონცერტით გაიხსნება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, 31 დეკემბერს გალა კონცერტი ვარდების მოედანზე გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებებისათვის გამოყოფილ ბიუჯეტს მერია შემდეგნაირად გადაანაწილებს:

  • ახალი წლის გალა კონცერტი – 227 910 ლ.
  • “ახალი ტფილისის” საახალწლო დეკორი (კონცეფცია, დიზაინი, პროექტის მომზადება, დაგეგმვა, ორგანიზება) – 17 110 ლ.
  • საშობაო ბაზრობა “ახალ ტფილისში”, მუსიკალური და საბავშვო გართობა – 150 000 ლ.
  • საახალწლო მატარებლის კონსტრუქციებისა და თაღების დამზადება “ახალი ტფილისისთვის” – 102 070 ლ.
  • დედაენის ბაღის ინსტალაციები – 66 785 ლ.
  • დედაენის ბაღის მუსიკალური გაფორმება – 18 974 ლ.
  • საახალწლო ქალაქის გახსნა დედაენის ბაღში (კონცერტი “საშობაო ზღაპარი”; პირდაპირი ეთერი) – 77 880 ლ.
  • საბავშვო-გასართობი ღონისძიებები დედაენის ბაღში, ბრენდინგი და ფოტო-ვიდეოგადაღება – 70 000 ლ.
  • გ.ალექსიძის სახ. თანამედროვე ბალეტის საახალხლო წარმოადგენა მერიის ბიგ ბენდთან ერთად – 8875 ლ.
  • ჰიპ-ჰოპის კონცერტი დედაენის ბაღში – 35 701 ლ.
  • საახალწლო ქალაქის მოწყობა (დედაენის ბაღის საშობაო მარკეტის ორგანიზება, მენეჯმენტი, საახალხლო დეკორი-ხეივნის მოწყობა, ფოტო-ვიდეოგადაღება, თოვლის ბაბუა) – 126 608 ლ.
  • “საახალწლო ნაძვის ხე” კონცერტი სპორტის სასახლეში – 20 000 ლ.
  • საახალწლო ღონისძიებების პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფის მომსახურება – 41 720 ლ.
  • “ახალი წელი 2017”-ის ფარგლებში დედაენის ბაღსა და ახალ ტფილისში გამართული ღონისძიებების სიუჟეტური, საინფორმაციო ვიდეორგოლების გადაღება-დამზადების მომსახურება – 42 000 ლ.
  • ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები – 482 200 ლ.

მასალების გადაბეჭდვის წესი