ახალი ამბები

ძიძიგური: რუსთავში ‘ოცნების’ აქტივისტები პლაკატების გაკვრისთვის დააკავეს და ცემეს

22 სექტემბერი, 2012 •
ძიძიგური: რუსთავში ‘ოცნების’ აქტივისტები პლაკატების გაკვრისთვის დააკავეს და ცემეს

“რუსთავში გუშინ 7 ადგილას დაგვესხნენ თავს “ნაციონალების” ზონდერები. მერიის ზედამხედველობის წარმომადგენლებიც იყვნენ. ეტყობა, მერია ზედამხედველობას ახორციელებს ღამის 2 საათზე. პატრულიც აშკარად ეხმარებოდა მათ, რომ ჩვენი მხარდამჭერები, აქტივისტები დაეკავებინათ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში ძიძიგური.

ძიძიგურის განცხადებით, დაკავებული აქტივისტები წაიყვანეს მარნეულში.

“ისინი დააკავეს მხოლოდ პლაკატების გაკვრის გამო. მეტი სხვა არაფერი არ მომხდარა იქ. არიან მარტო ჩვენი მხარდამჭერები დაკავებულები. ეს არის ცალსახა ზეწოლა საარჩევნო გარემოზე.  4 ჩვენი მხარდამჭერია ამჟამად დაკავებული და კიდევ იბარებენ პოლიციაში 2 ადამიანს. დაკავებულები არიან: ზაზა და თორნიკე შენგელიები, ზაზა ზურაბიანი და დავით დარბაიძე. ლევან ონიანი ძალიან მძიმედ არის ნაცემი, ტვინის შერყევა აქვს და მასაც იბარებენ სასამართლოში და მეორე არის ბექა ბედიანიძე, რომელიც ასევე ნაცემია”, – აღნიშნავს ძიძიგური.  

მისივე თქმით, რუსთავის პოლიციაში მისულს დახვდნენ თბილისის საპატრულოს ხელმძღვანელები.

“მე დამხვდნენ თბილისიდან ჩამოსული ზურაბ ვახტანგაშვილი, რომელიც ერთგვარ პოლიტიკურ დაპატიმრებებს ხელმძღვანელობს თბილისის საპატრულოში, და მეორე იყო ზურბ ბეგაშვილი, ზაზა ბეგაშვილის ძმა, რომელიც ასევე ცნობილი დამრბევი არის თბილისის საპატრულო პოლიციაში”, – აღნიშნავს კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური.

ის აღნიშნავს, რომ მათ წინასწარ გააფრთხილეს და საქმის კურსში ჩააყენეს უწყებათაშორისი კომისია, თუმცა მათგან რეაგირება არ მომხდარა.

“ვუთხარით, რომ ჩვენ ღამე ვაპირებდით პლაკატების გაკვრას და “ნაციონალების” შტაბიდან იგეგმებოდა მსგავსი თავდასხმა. იმათ გვითხრეს, რომ ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლება, საპატრულო სამსახური გავაფრთხილეთო. თუმცა, ასე არ მოხდა”, – განაცხადა ძიძიგურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი