ნეტგაზეთი | ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერების ავტორს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერების ავტორს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს – Netgazeti
RU | GE  

ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერების ავტორს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

22 წლის აზერბაიჯანელ აქტივისტს, გიას იბრაგიმოვს, ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით, ბაქოს სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა პროკურატურა აქტივისტისთვის 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

აქტივისტი გიას იბრაგიმოვი და მოძრაობა nida-ს წევრი, ბაირამ მამედოვი ბაქოში 2016 წლის 10 მაისს ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბაქოში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ძეგლზე დატოვეს წარწერები – “Qul bayramınız mübarək!” (გილოცავთ მონების დღეს!] და “Fuck the system!”. ჰეიდარ ალიევის ძეგლზე გრაფიტი 10 მაისს, ყვავილების დღესასწაულზე გაჩნდა, რომელიც ყოველ წელს ჰეიდარ ალიევის დაბადების დღეზე აღინიშნება. წარწერები პოლიციამ მალევე წაშალა და ძეგლთან მორიგეობა დააწესა.

ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty İnternational-მა ისინი “სინდისის პატიმრებად” ცნო. ბაირამ მამედოვის საქმის გამოძიება დასრულებულია და განსახილველად ბაქოს სასამართლოს გადაეცა.

“განაჩენი, რომელიც გიას იბრაგიმოვს გამოუტანეს, ფიქტიურ ბრალდებას ეფუძნება და ყველანაირი განსახვავებული აზრის წინაშე ხელისუფლების შიშის დემონტრირებას ახდენს,” – ასე შეაფასა იბრაგიმოვის საქმე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი