ახალი ამბები

ომბუდსმენი: მოხეში სადავო ნაგებობის წარმომავლობა უნდა დადგინდეს

8 დეკემბერი, 2016 • 2316
ომბუდსმენი: მოხეში სადავო ნაგებობის წარმომავლობა უნდა დადგინდეს

ომბუდსმენის აპარატის ცნობით,  ადიგენის რაიონის სოფლებში, მოხესა და ჭელაში ვიზიტის შემდეგ უჩა ნანუაშვილმა განაცხდა, რომ აუცულებელია, დადგინდეს ნაგებობის წარმომავლობა:

„ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაციაა – დადგინდეს შენობის წარმომავლობა, კონკრეტულად კი, სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და წარმოადგინონ დასკვნა შენობის წარმომავლობასთან დაკავშირებით, სწორედ ამის საფუძველზე უნდა გადაწყდეს შენობის წარმომავლობის საკითხი,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი ადიგენის რაიონში 7-8 დეკემბერს იმყოფებოდა და შეხვდა როგორც მუსლიმ, ასევე, მართლმადიდებელ ქრისტიან მოსახლეობას. როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა მოხის სადავო შენობის შესახებ ტაო-კლარჯეთის და სამცხე ჯავახეთის მიტროპილიტ მეუფე თეოდორესთან ისაუბრა.

ორი წლის წინ დაწყებული დავა მუსლიმებსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის კვლავ გადაუჭრელია. ადგილობრივი მუსლიმი თემი აცხადებს, რომ მოხის ცენტრში მდგომი ნაგებობა მეჩეთია და ისინი მზად არიან სალოცავი ბოლომდე დაიცვან, რასაც ქრისტიანი მართლმადიდებლები არ ეთანხმებიან.

სწორედ ამ დავის გადასაჭრელად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოხის კომისია შექმნა. 2016 წლის 3 ნოემბერს კომისიამ დაადგინა, რომ სადავო ნაგებობა გადაეცემოდა არც მუსლიმ, არც ქრისტიან მრევლს და სამომავლოდ კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებდა კონცეფციას, თუ რა ფუნქცია შეიძლებოდა დაკისრებოდა შენობას.

1 დეკემბერს კი მოხის კომისიამ გადაწყვიტა, მუსლიმი თემისთვის შეეთავაზებინათ კონკრეტული ტერიტორიები, სადაც შეეძლებოდათ, ახალი მეჩეთი აეშენებინათ. მუსლიმი თემი კი უნდობლობას უცხადებს როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს, ასვეე, მოხის კომისიას და სახელმწიფოს სთხოვს, სამართლიანად გადაწყვიტოს სადავო ნაგებობის ბედი.

ომბუდსმენის შეხვედრა მოხისა და ჭლის მოსახლეობასთან. ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

ომბუდსმენის შეხვედრა მოხისა და ჭლის მოსახლეობასთან. ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი