დღეს სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდნენ დაკავებული დავით აკობიას და ბორის ფარულავას ადვოკატები სალომე აბულაძე და მამუკა ნოზაძე.
როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ადგილსამყოფელის დადგენას:
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პირებს შეფარდებული აქვთ წინასწარი პატიმრობა, თუმცა ისინი არ იმყოფებიან სასჯელაღსრულების სისტემის არც ერთ დაწესებულებაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამართალდამცავთა ჯგუფის მიერ პატიმრების ცემის ვიდეომასალა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერმა დავით აკობიამ გადაიღო. აღნიშნული ვიდეომასალა 18 სექტემბერს ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა.
19 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა აკობიას ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ ბორის ფარულავასგან შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ გადაიღო პატიმრების წამების ვიდეო ფარულად, რომელიც მეორე დღეს, 25 აგვისტოს გადასცა ფარულავას, რათა ამ უკანასკნელს ეს მასალა გადაეგზავნა ბელგიაში მყოფი ლადი ბედუკაძისთვის. მისივე თქმით, 29 აგვისტოს ფარულავასგან მან მიიღო 400 დოლარი და მითითება, რომ 18-19 სექტემბერს დაეტოვებინა საქართველო. აკობია საქართველო-სომხეთის საზღვარზე 19 სექტემბერს დააკავეს.
გლდანის საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავას ბრალი ადამიანის წამების მუხლით აქვს წაყენებული, რისთვისაც 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროკურატურის მიერ დაკავებული სხვა 11 პირის მსგავსად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.





