სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ტუღუშმა ჯერ კიდევ გუშინ შეთავაზა შოთა უტიაშვილს მინისტრის მოადგილის თანამდებობა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 სექტემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა შეცვალა.
სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გამოიცვალა ხელმძღვანელი პირები. მათი ადგილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაიკავეს. მაგალითად, შს მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად, გლდანის მე-8 საპყრობილეს ყოფილი პოლიციელი გურამ დოლიძე ჩაუდგა სათავეში, შსს-ს ყოფილი თანამშრომელია ქუთაისის ციხის ყოფილი უფროსი დავით ვაშაკიძე.
ამას გარდა, სწორედ საპატრულო პოლიცია იქნა შეყვანილი საქართველოს ციხეებში პენიტენციურ სისტემაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
პატიმრების წამების გამო საპროტესტო აქციებში მონაწილეები ყოფილი შს მინისტრის – ბაჩო ახალაიას დასჯას მოითხოვენ, რადგან ვიდეოების ავტორის, გლდანის #8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბედუკაძის თქმით, რომელიც ამჟამად იძებნება, სწორედ ახალაის მითითებით ხდებოდა ციხეებში ადამიანების წამება. საპროტესტო აქციებმა უკვე მეოთხე დღეა, რაც მთელი საქართველო მოიცვა.





