ახალი ამბები

სტუდენტი: პატრიარქის მოწოდება რომ არა, აქციებს გავაგრძელებდით

21 სექტემბერი, 2012 •
სტუდენტი: პატრიარქის მოწოდება რომ არა, აქციებს გავაგრძელებდით

.

 

ნათია ბერაძე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. დღევანდელ აქციაზე ის ამბობს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს საპროტესტო აქციებს წყვეტენ. 

 

“პატრიარს სოლიდარობას ვუცხადებთ. მან თქვა, რომ აქციები უნდა შეწყდეს. მისი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია,”- ამბობს სტუდენტი. 

 

კითხვაზე, რომ არა პატრიარქის განცხადება, გააგრძელებდნენ თუ არა საპროტესტო აქციებს, ნათია ბერაძე ამბობს, რომ “იქამდე გააგრძელებდნენ აქციებს, სანამ კონკრეტული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.”

 

სტუდენტთა ნაწილმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე მას შემდეგ განაცხადა უარი, რაც საქართველოს პატრიარქმა ამასათ დაკავშირებით განცხადება გააკეთა: 

 

“არჩევნები უნდა ჩავატაროთ მშვიდ გარემოში. ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ 1 ოქტომბრამდე. მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ არ გამოდის სააშკარაოზე და ამ მოვლენებს ბოროტად ნუ გამოვიყენებთ.”

 

პატრიარქმა ქადაგებაში სტუდენტებთან შეხვედრაზეც იასუბრა: “გუშინ შევხვდი სტუდენტებს , ზოგიერთს უნდა, რომ არეულობის ესტაფეტიზაცია  მოხდეს. თავი უნდა შევიკავოთ ამისგან, ისედაც არ გვაკლდა არეულობა. იმედი მაქვს, მამაშვილური სიყვარულით ნათქვამ  რჩევას ყველა გაითვალისწინებს.”

 

პატრიარქის ქადაგებას მრევლთან ერთად ერთიანი სტუდენტური გაერთიანების და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

ერთიანი სტუდენტური გაერთანების წარმომადგენლის მარიამ ქობულიას განცხადებით, ისინი წყვეტენ აქციებს, რადგან მოთხოვნები შესრულდა:

 

„გუშინ პატრიარქათან შეხვედრისას გავიგეთ ბაჩო ახალაიას შესახებ. პატრიარქმა დაგვლოცა და სიმშვიდისაკენ მოგვიწოდა“. აქციებს არც სტუდენტური თვითმმართველობა გააგრძელებს, ისინი ქადაგების დაწყებამდე პატრიარქს შეხვდნენ. 

 

ამის მიუხედავად, სტუდენტთა ნაწილი დაშლას მაინც არ აპირებს.

 

შეგახსენებთ, რომ სტუდენტებმა აქციები მაშინ დაიწყეს, როდესაც ტელევიზიით პატიმართა წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. ისინი ამჟამად ბაჩო ახალაიას, სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის დაპატიმრებას ითხოვენ. 

 

აქციების დაწყებიდან მეორე დღეს საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქთან შესახვედრად თავდაცვის მინისტრის მოადგილე და შს მინისტრის ძმა – დათა ახალაია და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი, ყოფილი კუდის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე მივიდნენ. 

 

შეხვედრის დეტალები დღემდე უცნობია. არც ერთი მხარე ამაზე არ საუბრობს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი