“მე-9 არხის” ჟურნალისტის პაატა ლაგვილავას განცხადებით, გუშინდელი ინციდენტის შედეგად დაზარალებული ჟურნალისტები აპირებენ დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის როლანდ ახალაიას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანონ:
“დღესვე ვაპირებთ ჟურნალისტებმა დავწეროთ განცხადება და თავად პროკურატურაში გავაგზავნოთ”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში “მე-9 არხის” ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა.
მისივე განცხადებით, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მიმართეს პატრულს, თუმცა, მისი თქმით, ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
“იქვე ჩაიარა საპატრულო პოლიციის მანქანამ, რომელსაც მართავდა ზუგდიდის საპატრულოს უფროსი ალექსანდრე ბელქანია. ჩვენ ვუთხარით მას, რომ დაგვხმარებდა. შეძახილები გვქონდა, რომ ჩვენზე ძალადობაა, უფლებას არ გვაძლევენ, რომ ვიმუშაოთ. თუმცა მას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია”, – აღნიშნა ჟურნალისტმა ლაგვილავამ.
ლაგვილავა გუშინდელ ინციდენტს იხსენებს. მისი თქმით, მას პირადად შეურაცხყოფა შსს-ს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მამამ, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა როლანდ ახალაიამ მიაყენა.
“გუშინ, ღამის 11 საათზე ზუგდიდში ახალაიების სახლთან “ამომრჩეველთა ლიგის” ერთ–ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ გააკეთა განცხადება, რომ როლანდ ახალაიას არ ჰქონდა არანაირი მორალური უფლება, ის ყოფილიყო ზუგდიდის მაჟორიტარი.
მერე მიქაია წავიდა და დავრჩით ტელევიზიები, რათა სახლის კადრები გადაგვეღო. ჩვენი მისვლისას ქუჩის თავთან 15–20 ადამიანი იდგა.
როლანდ ახალაიას სახლი იყო ჩაბნელებული, მერე შუქი აინთო, როდესაც ჩვენ გადაღება დავიწყეთ. შევნიშნე ადამიანი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და ეს იყო როლანდი. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ საეჭვოდ დაემთხვა სახლთან ხალხის მობილიზება.
ისინი ამბობდნენ, რომ მეზობლები იყვნენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სხვები ყოფილიყვნენ. ისინი იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები. ეცვათ – “მე მიყვარს საქართველოს” მაისურები. შემდეგ ეს ხალხი აგრესიულად წამოვიდა ჩვენკენ და გვითხრეს, რომ არ შეგვეძლო ამ ქუჩაზე ყოფნა.
ჩვენ არ ვუპასუხეთ. იქ იყვნენ “მე–9 არხის”, “მაესტროს”, “ინფო–9–ის”, “ლაივპრესის” ჟურნალისტები. ჩვენ წამოვედით მანქანებისკენ, მაგრამ დაგვეწივნენ და შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ამ დროს როლანდ ახალაია გამოვიდა სახლიდან და გარეთ შეკრებილი ხალხი მას ტაშის კვრით შეხვდა. ჩვენ, ბუნებრივია, მივედით მასთან, გვქონდა რამდენიმე კითხვა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ის იყო აგრესიული. “თავი დამანებეთ, თქვენ ნაძირლებოო”, – ყვიროდა. ამას მოჰყვა ძალადობა მისგან, ხელით დამეჯაჯგურა და კეფაში მომხვდა მისი ხელი. ახალაიას ამ ქმედებამ ერთგვარი სტიმული მისცა იქ შეკრებილებს და ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიაზე გადმოვიდნენ.
კამერის დამტვრევაც უნდოდათ, მაგრამ ძლივს გადავარჩინეთ”, – იხსენებს ჟურნალისტი პაატა ლაგვილავა.