ცოტა ხნის წინ გლდანის ციხიდან გამოვიდა ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური, რომელმაც განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას ორშაბათს და სამშაბათს ჩაუტარდება მრავალმხრივი ექსპერტიზა სარეაბილიტაციო ცენტრ “ემპათიის” თანამშრომლების მიერ.
მისი თქმით, ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც რუსთავის ციხეში მყოფ ცოტნე გამსახურდიას, რომელიც იმყოფებოდა კარცერში და შიმშილობდა, შეუვარდა ციხის რამდენიმე თანაშრომელი და სასტიკად ცემეს. ქეთი ბექაურის თქმით, ცოტნემ ცემისას დაკარგა გონება და დაახლოებით 20 წუთი უგონოდ იყო და არ ახსოვს, ვინ ურტყამდა.
ბექაურის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება, თუმცა დაცვის მხარისთვის უცნობია, ამ დრომდე კონკრეტულად რომელი პროკურორი იძიებს გამსახურდიას წამების ფაქტს.
ცოტნე გამსახურდია ამ ფაქტის შემდეგ გლდანის საპყრობილის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. ქეთი ბექაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიამ მას უთხრა, რომ ციხეში არ შედის პრესა, რადიოები მხოლოდ პატიმრების ნახევრისთვის არის ხელმისაწვდომი, ასევე, პატიმრებს არ ეძლევათ საშუალება სურსათი შეიძინონ სურსათის მაღაზიაში.
რომან გორგილაძე, რომელიც გლდანის საპყრობილეში რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს, საპყრობილის თანამშრომლების თქმით, კომპიუტერულ სისტემაში არ იძებნება. ეს ინფორმაცია გლდანის ციხესთან მყოფ ჟურნალისტებს გორგილაძის ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.
მისი თქმით, გორგილაძეს გლდანის #8 საპყრობილის სამკურნალო დაწესებულებაში სამშაბათს გაუკეთეს ოპერაცია. დღეს მის მოსანახულებლად მივიდა გორგილაძის დედის მეგობარი, რომელიც ბათუმიდან ჩამოვიდა, თუმცა ციხის თანამშრომლებმა მას განუცხადეს, რომ კომპიუტერულ სისტემაში არ იძებნება პატიმარი ასეთი სახელითა და გვარით.
ამ დროისთვის გლდანის საპყრობილესთან შეკრებილია 20-25 ახალგაზრდა, რომლებიც სკანდირებენ– “ახალაია ციხეში!” “ცოცხი ახალაიას!”
მოსვლიდან რამდენიმე ხანში რამდენიმე სტუდენტმა, რომელთა ნაწილსაც სახე ცხვირსახოცებით ჰქონდათ დაფარული, ცოცხებს ცეცხლი მოუკიდეს და ციხის ეზოში შეაგდეს. რამდენიმე სტუდენტს “ქართული ოცნების” მაისურიც აცვია. ამ ფაქტიდან რამდენიმე ხანში სტუდენტების დიდმა ნაწილმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.