ახალი ამბები

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალაია არ დაუკავებიათ

21 სექტემბერი, 2012 •
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალაია არ დაუკავებიათ

თბილისში, დოლიძის ქ. #46-ში, სადაც ბაჩო ახალაიას სახლია, ამ დრომდე არიან შეკრებილნი ჟურნალისტები. სადარბაზოსთან იმყოფება რამდენიმე სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი, ხოლო ავტოფარეხში დგას დაბურულმინებიანი შავი ჯიპი.

 

კორპუსის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალაია ამ კორპუსში ბოლო პერიოდში ხშირად არ უნახავთ, თუმცა დღეს დილით ამ სახლთან რამდენიმე ჯიპი დაინახეს. ამავე კორპუსთან არის გახსნილი #8 საარჩევნო უბანი, რომლის ერთ-ერთმა წევრმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პირადად ნახა ბაჩო ახალაია დღეს დილით, დაახლოებით 10:30 საათზე, ერთ-ერთ ჯიპში. მისი თქმით, ამავე დროს ტერიტორია დატოვა ხუთმა ჯიპმა.

 

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის თქმით, მას არა აქვს ინფორმაცია, შემდეგში გამოძიება რას დაადგენს და იქნება თუ არა ახალაიას დაკავების საფუძველი. ამ დრომდე, ხათუნა იოსავას თქმით, ბაჩო ახალაია არც მოწმის სტატუსით დაკითხულა.

 

შეგასენებთ, რომ პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორი – გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლდაიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ სწორედ ახალაიას მითითებით ხდებოდა პატიმრების წამება ციხეებში. 

 

ბაჩო ახალაია შს მინისტრის თანამდებობიდან გუშინ საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი