ახალი ამბები

პატრულის ყოფილი თანამშრომლების განცხადება ზღულაძის წინააღმდეგ

21 სექტემბერი, 2012 •
პატრულის ყოფილი თანამშრომლების განცხადება ზღულაძის წინააღმდეგ

“პირველ რიგში, ვუერთდებით იმ საპროტესტო განწყობას, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფაქტები არის ყველაზე საშინელი და ამაზრზენი, რაც კი ოდესმე მომხდარა.

 

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად, სავარაუდოდ, ინიშნება ქალბატონი ეკა ზღულაძე. ამასთან დაკავშირებით, გვინდა განვაცხადოთ: როდესაც ჩვენ მოტყუებით დაგვაწერინეს პატაკები სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და პოლიტიკური ნიშნით 50-ზე მეტი თანამშრომელი გაგვათავისუფლეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, ეს ქალბატონი არც კი დაინტერესდა ჩვენთან შეხვედრით, ხოლო პრესკონფერენციაზე უტიფრად, ცინიკურად განაცხადა, რომ თითქოს მიმდინარეობდა როტაცია და ჩვენ პოლიტიკური მოტივით უარი განვაცხადეთ როტაციაში მონაწილეობაზე. მაშინ, როდესაც დღევანდელი დუხჭირი ცხოვრებიდან გამომდინარე, არანაირი ლოგიკით უარს არ ვიტყოდით მუშაობის გაგრძელებაზე.

 

ქალბატონი ეკა ზღულაძე გახლავთ იმ პირების მფარველი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ჩვენს დათხოვნაში, რაც ჩვენი მხრიდან განსხვავებული აზრის არაერთხელ გამოთქმასთან იყო დაკავშირებული.

 

ეს პირები არიან: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი გრიგალაშვილი, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კოტე დიღმელაშვილი და მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე, ამავდროულად, სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზურაბ უკლება.

 

ამ ადამიანებმა ჩვენ გამოგვაცხადეს ქვეყნის მტრებად. დღეს მათ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ჰყავთ მთლიანად საპატრულო პოლიციის პირადი შემადგენლობა, რომლებიც გვიკავშირდებიან და გამოხატავენ ჩვენდამი თანადგომას და აღიარებენ იმ სიმართლეს, რაც ქვეყანაში არსებობს. აღნიშნავენ იმასაც, რომ სამსახურის ხელმძღვანელები არიან სრულ აგონიაში და მათი შემდგომი მოქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია.

 

მივმართავთ მათ, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, რამეთუ ისინი უნდა ემსახურონ ქვეყანას და ხალხს და არა რომელიმე სახელისუფლებო პარტიას.

 

ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ზემოაღნიშნული თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობებიდან. იმედს ვიტოვებთ, რომ ქვეყანაში სულ მალე აღსდგება სამართლიანობა და ჩვენ მივცემთ სამართლებრივ შეფასებას ჩვენდამი მომხდარ ფაქტს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი