ახალი ამბები

ბექა ოდიშარიას ცნობით, ილია მეორემ “სალაყბო ბაღში” ხელოვნებისთვის ღია სივრცის გახსნის სურვილი გამოთქვა

8 დეკემბერი, 2016 • 4640
ბექა ოდიშარიას ცნობით, ილია მეორემ “სალაყბო ბაღში” ხელოვნებისთვის ღია სივრცის გახსნის სურვილი გამოთქვა

კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ თბილისში, საპატრიარქოს მიმდებარედ არსებულ ბაღში “ხელოვანი ადამიანების, ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდობისათვის თანამედროვე ღია სივრცის” მოწყობის სურვილი გამოთქვა.

ფეისბუკზე ბექა ოდიშიარიას ოფიციალური გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით,  ილია მეორეს საპატრიარქოში ოჯახთან ერთად სტუმრობდა და ზემოხსენებული საკითხის შესახებ სწორედ იქ ისაუბრეს:

“მან [ილია მეორემ] თავის მხრივ საოცარი იდეა და სურვილი გამიმჟღავნა. პატრიარქის სურვილია, რომ საპატრიარქოს მიმდებარედ არსებულ ბაღში ხელოვანი ადამიანების და ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდობისათვის თანამედროვე ღია სივრცე მოეწყოს, რაც ძველი თბილისის მცხოვრებთ არაჩვეულებრივ დასასვენებლ პარკს შესძენს, ხოლო ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს, ისე როგორც ეს ევროპულ დედაქალაქებშია მიღებული, მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი შემოქმედება და პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ თანამედროვე ხელოვნებასა და ტრადიციულ კულტურას. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი წამოწყების სათავესთან აღმოვჩნდი და, ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პატრიარქის ეს იდეა და სურვილი უახლოეს პერიოდში განხორციელდეს”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება).

”სალაყბო ბაღი”, რომელიც საპატრიარქოსთან მდებარეობს, 2006 წელს თბილისის მერიამ საპატრიარქოს გადასცა მფლობელობაში, რომელმაც შემდეგში ანტისანიტარიის მიზეზით დახურა. 2015 წელს ”სალაყბო ბაღის” გახსნის მოთხოვნით საპატრიარქოსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ბაღის დაკეტვის ფაქტი გააპროტესტეს და თბილისის მერის, დავით ნარმანიას მისამართით მოქალაქეთა მიმართვა გაავრცელეს. ორგანიზატორების მიერ შექმნილ პეტიციას აქციის ფარგლებში 100-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

მაშინ საპატრიარქო დეკლარირებულად უერთდებოდა აქციის მონაწილეთა ინიციატივას ბაღის გახსნასა და კვლავ რეკრეაციულ ზონად ქცევასთან დაკავშირებით. საპატრიარქო მოითხოვდა, რომ მერიას ბაღისთვის გამოეყო დაცვა, რომელიც დილის 8 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურებოდაა. ღამის საათებში კი ბაღი კვლავ დაიკეტებოდა.

დღეს, 8 დეკემბერს, ნეტგაზეთი დაუკავშირდა პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველს, რათა ილია მეორისა და ბექა ოდიშარიას შეხვედრის და ბაღის საკითხზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიეღო, თუმცა ბოტკოველმა გვითხრა, რომ ზემოხსენებული შესახებ საქმის კურსში არ არის. კომენტარი არ გააკეთეს არც თბილისის მერიაში, სადაც ასევე ვიკითხეთ, ხომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ზემოხსენებულ ბაღთან დაკავშირებით.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელიც ბაღის გახსნის მოთხოვნით შარშან გამართულ აქციაში მონაწილოებდა, ამბობდა, რომ ამ პარკს ისტორიული მნიშვნელობა აქვს:

”ამ ბაღს დიდი ტრადიცია აქვს – ეს იყო სამეფო სასახლის ბაღი. ის ყოველთვის ღია იყო საზოგადოებისათვის. ჩვენ გვინდა, რომ ბაღი კვლავ გაიღოს. კარგი იქნება, თუ მერია გამოთქვამს სურვილს, ამ ტერიტორიას ჰყავდეს დაცვა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილის სისუფთავეს და სიმშვიდეს. ახლო-მახლო თითქმის არაა ადგილი, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს შეუძლიათ გასეირნება. ყველამ ვიცით, ჩვენს ქალაქში გამწვანებული ზონის როგორი სიმცირეა. არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მორალურ-ეთიკური უფლება, რომ რომელიმე ბაღი დაკეტილი იყოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი