ახალი ამბები

რას შეცვლის ზღულაძე

21 სექტემბერი, 2012 • 3381
რას შეცვლის ზღულაძე

2012 წლის 20 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი ეკა ზღულაძე ამ სისტემის ნაწილი 2006 წლიდან არის. ის სწორედ ამ წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ და სხვადასხვა მინისტრების ხელმძღვანელობის ქვეშ თანამდებობა 8 წლის მანძილზე შეინარჩუნა. ეკა ზღულაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისთვის გასულ წელს ანაზღაურების სახით 92 ათას ლარამდე მიიღო.

ეკა ზღულაძე არის ის თანამდებობის პირი, რომლის ტელეეკრანზე აქტიურად გამოჩენას ხელისუფლება წლების განმავლობაში კრიტიკულ სიტუაციებში იწყებდა. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით განცხადებებს მუდმივად ეკა ზღულაძე აკეთებდა.

ეკა ზღულაძის ქმარი, რაფაელ გლუკსმანი საქართველოს უშიშროების საბჭოს კონსულტანტია და ამ მოვალეობის შესრულებისთვის მან გასულ წელს 48 ათასი ლარი მიიღო ხელფასის სახით. ის წლების მანძილზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო. რაფაელ გლუკსმანი არის პიროვნება, რომელიც უკვე წლებია ხელისუფლების პოლიტიკის პოპულარიზებას ცდილობს მსოფლიო მასშტაბით – ის აქვეყნებს სტატიებს გავლენიან უცხოურ გამოცემებში, საქართველოში რეპორტაჟების მოსამზადებლად ჩამოსული ჟურნალისტები გარკვეულ საკითხებზე ხელისუფლების აზრის გასაგებად სწორედ გლუქსმანს ხვდებიან. ამას თავად ჟურნალისტები წერენ თავიანთ სტატიებში.

რაფაელ გლუკსმანი იყო ის, ვინც ტელეკომპანია “იმედის” ხელმძღვანელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ

რაფაელ გლუკსმანი
რაფაელ გლუკსმანი

უფროსს, გიორგი არველაძეს 2010 წლის მარტში შეხვდა და ურჩია, რომ არხი “უფრო პროვოკაციული” უნდა გამხდარიყო. ამის შემდეგ “იმედზე” გავიდა ფილმი, რომელმაც საქართველოს ახალი ომის დაწყება აუწყა, სინამდვილეში კი ომი არ მომხდარა.

აი, რას წერს ამ საკთხზე The Huffington post–ის ჟურნალისტი საიმონ შუსტერი, რომელიც საქართველოში “მოდელირებული ქრონიკის” გაშვებიდან მალევე ჩამოვიდა და შეხვდა მიხეილ სააკაშვილსა და რაფაელ გლუკსმანს:

“ორი კვირის შემდეგ თავის ოფისში სააკაშვილმა დუნედ უარყო თავისი მონაწილეობა ამ ისტორიაში. მან მითხრა რომ „იმედის“ ამ გადაცემამ  თავი მოაბეზრა, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ქართველებს ეს უნდა ენახათ, რათა რუსეთის საფრთხე არ დავიწყებოდათ. „ხალხი ჩიოდა გადაცემაზე, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო დრამატულია, ვიდრე გადაცემა“ – განაცხადა მან.  როგორც სჩანს, უფრო დრამატული, ვიდრე მისი სიკვდილი და  არმიის გახლეჩა. წინა დღეს თბილისის ცენტრში, კაფეში სახელწოდებით „პურ-პური“ მისმა უახლოესმა მრჩეველმა საგარეო საქმეებსა და მედიის დარგში რაფაელ გლუკსმანმა ვითარების რამდენადმე უფრო სრული სურათი დამიხატა. მან მითხრა, რომ გადაცემამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე ”იმედის” მაუწყებლობაზე ტელეკომპანიის დირექტორთან იმსჯელა. გლუკსმანს უთქვამს, რომ ისინი  „უფრო პროვოკაციულები და უფრო სექსუალურები უნდა იყვნენ ამერიკული ტელევიზიებივით… მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მიგულისხმია, რომ ეს უნდა გაეკეთებინა“.

გლუკსმანთან შეხვედრაზე ასევე წერს ბრიტანული გამოცემა Indipendent-ის ჟურნალისტი შონ უოლკერიც. მას გლუკსმანი სააკაშვილის პროდასავლურობასა და ივანიშვილის პრორუსულობაში არწმუნებდა.

“რაფაელ გლუკსმანს ვხვდები თბილისის ერთ-ერთ კოხტა კაფეში, რომ ივანიშვილზე მთავრობის აზრი მოვისმინო. გლუკსმანი ოცდაათს გადაცილებული მოხდენილი ფრანგია, ფრანგი ფილოსოფოსის ვაჟი და სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი. „როდესაც ამ რაოდენობის ფული ერთი ადამიანის ხელშია, ეს პრობლემა იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნისთვის,“ – ამბობს იგი – “მაგრამ ეს განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. მას ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ფული აქვს”, –წერს შონ უოლკერი. მისივე სტატიის მიხედვით, “გლუკსმანი ეკა ზღულაძის მეუღლეა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. ის 37 წლისაა და სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთ მხცოვან წევრად ითვლება”.

“გლუკსმანი მეუბნება, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს რაიმე სახის ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, ამდენად პრეზიდენტი კრიტიკას მშვიდად იღებს. „ისინი არასდროს ყოფილან ახლოს, ასე რომ, ის ამას ღალატად არ მიიჩნევს.“ სულ ორჯერ დალაპარაკებიან ერთმანეთს, ამბობს გლუკსმანი. „ის ფულს იძლეოდა კულტურული რაღაცებისთვის და ეკლესიისთვის, მაგრამ ურთიერთობა არ ყოფილა.“ ივანიშვილს ვეკითხები, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს. „რა თქვეს?“ ხმამაღლა იცინის. „დღეები იყო, როცა სააკაშვილი დღეში 50-ჯერ მირეკავდა! მე ვეუბნებოდი, მიშა შეწყვიტე რეკვა, ვეღარ გიპასუხებ!”– ასე აღწერს სააკაშვილ–ივანიშვილის ურთიერთობის ვერსიებს შონ უოლკერი.

ამავე სტატიაში ჩანს, როგორ ცდილობს რაფაელ გლუკსმანი დაარწმუნოს  Indipendent-ის  ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობაში: „მე ვერ გეტყვით, ზუსტად რა ურთიერთობა აქვს ივანიშვილს კრემლის წარმომადგენლებთან,“ ამბობს გლუკსმანი. „მაგრამ მას არასდროს გაუკრიტიკებია რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რაც აშკარად მომგებიანია საქართველოში ამომრჩევლების ხმების მოზიდვისთვის“, ის რომ არ მუშაობდეს გარკვეული რუსული გეგმის მიხედვით, ფიქრობს გლუკსმანი, ის ამ კონიუნქტურის წინააღმდეგ არ წავიდოდა. „და არ დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ მან თავისი ქონება ასე სწრაფად და კარგ ფასად გაყიდა – ამას რუსეთში ვერ გააკეთებ, თუკი კრემლთან კარგი ურთიერთობა არ გაქვს“, – წერს გლუკსმანის მოსარებებზე შონ უოლკერი.

შეგახსნებთ, რომ ქართულ ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნების შემდეგ გადადგნენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია. დაიჭირეს და პატიმრების წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლი წაუყენეს ციხის 10–ზე მეტ თანამშრომელს.

კალმახელიძის პოსტი სახალხო დამცველმა გიორგი ტუღშმა დაიკავა, ახალაიას პოსტი კი– მისმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ.

ბოლო სამი დღეა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თანამდებობის პირთა დასჯის, მათ შორის ბაჩო ახალიას დასჯის მოთხოვნით იმართება აქციები, ყველაზე მასშტაბური მსვლელობები კი თბილისში მოეწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი