ახალი ამბები

დაისჯებიან თუ არა პატიმარ თეთრაძის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე დამნაშავეები?

21 სექტემბერი, 2012 •
დაისჯებიან თუ არა პატიმარ თეთრაძის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე დამნაშავეები?

გლდანის მე-8 საპყრობილის ყოფილმა ოპერატიულმა მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელზეც საქართველოში ძებნაა გამოცხადებული, ბრიუსელიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” მიცემულ ინტერვიუში გუშინ, 20 სექტემბერს განაცხადა, რომ სერგო თეთრაძე ციხეში წამებით მოკლეს:

“ეს დასტურდება ცოცხალი მოწმეებით და თავისივე გადაღებული ვიდეომასალით, თუ არსებობს და თუ არ გაანადგურეს.  მე ამას დავადასტურებ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. თეთრაძის წამების ვიდეო გადაიღო ალექსანდრე მუხაძემ, პირადად იღებდა. ესწრებოდა ოლეგ ფაცაცია და გაუპატიურებისას ვეღარ მოზომეს და შემოაკვდათ, გულის პრობლემები ჰქონდა ბატონ თეთრაძეს. გადაიყვანეს უკვე გარდაცვლილი ე.წ. რეზბალნიცაზე, სამკურნალო დაწესებულებაში და იქ გააფორმეს, როგორც ცოცხლად შეყვანილი”, – განაცხადა ბედუკაძემ.

თეთრაძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების გამო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადეს ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა, რომ იგი ციხეში წამებით იქნა მოკლული. გუშინ ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ “სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს” და ამის გამო მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი – სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ქარდავა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა როგორც მეგის ქარდავა, ისე ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა”. 

სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ოჯახს დღემდე არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ციხეში, ან რისთვის დააკავეს ის. სერგო თეთრაძე სავარაუდოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები მაშინ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუვრცელებია.

თეთრაძის საეჭვო გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები ამ ხნის მანძილზე ღიად საუბარს გაურბოდნენ. ირაკლი ალასანია მიმართავს შვილს დათო თეთრაძეს, რომ მთელი ქართული საზოგადოება დღეს მათ გვერდით დგას: 

“ჩვენ ვაძლევთ პირობას, რომ ამ საშინელი დანაშაულის არც ერთი მონაწილე არ დარჩება დაუსჯელი და  ყველა აგებს პასუხს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა ალასანიამ.

ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, როდესაც ამ ვიდეოების ავტორმა ვლდამირე ბედუკაძემ განაცხადა, რომ წამება უშუალოდ ბაჩო ახალაიას მითითებით ხორციელდება, საქართველოს მასშტაბით სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აქციები ახალაიას გადაყენების მოთხოვნით. ახალაია პრეზიდენტს არ დაუთხოვია, ის საკუთარი განცხადების საფუძველზე გუშინ საღამოს გადადგა.

ჩვენ მივმართეთ შსს-ს პრესსამსახურს, რათა გაგვერკვია, მუშაობენ თუ არა ამ დროისთვის მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ჩვენ ამაზე პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი