შს მინისტრის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე ასრულებს. რამდენიმე წუთის წინ ზღულაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა:
“ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის საფუძვლის ჩაყრა, მათ შორის პოლიციის რეფორმა და ზოგადად სამართალდამცავი სტრუქტურების გარდაქმნა, უზრუნველყო ორმხრივი ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავ სტრუქტურებსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, ინსტიტუტებს შორის, რომელიც ემსახურება ხალხს კანონის აღსრულების გზით. ეს ნდობა არის ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა ყველა იმ რეფორმის, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. ეს სამინისტრო აშენდა, რათა ემსახუროს ქართველ ერს, აღმოფხვრას ძალადობა, კორუფცია, დანაშაული, უკანონობა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. ჩვენ შევძელით არა მარტო კორუფციის დაძლევა, არამედ წამების რუტინული პრაქტიკის აღმოფხვრა პოლიციაში. იყო დრო, როცა ყველა სახელმწიფო უწყება საქართველოში ისეთივე დახურული და სასტიკი იყო, როგორც ეს ციხე. იყო დრო, როცა ორგანიზებული დანაშაული ანგრევდა ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას, ეს დრო დამთავრდა და აღარასოდეს უკან არ დავბრუნდებით”, – განაცხადა ზღულაძემ. მისი თქმით, ის თავად იყო 18 წლის წინ პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და მან კარგად იცის, რას ნიშნავს ეს.
ზღულაძემ აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიცია იქნება სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის – გიორგი ტუღუშის განკარგულებაში, რათა დაეხმაროს მას პენიტენციურ სისტემაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრაში:
“ეს სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი შვილები და ჩვენი მშობლები თავს გრძნობდნენ დაცულად და თავისუფლად, მათ შორის არჩევნებზე, რომელიც სულ რაღაც 12 დღეში გველოდება წინ. ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს თავისუფალ და მშვიდ გარემოში. ეს სამინისტრო იქნება ამის გარანტორი”, – განაცხადა ზღულაძემ.