როგორც მერი კიკნაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, ის კოლონიასთან გათენებას აპირებს, მან საკუთარი შვილი დაახლოებით ერთი საათის წინ მოინახულა და პატიმარს ცემის კვალი აშკარად ეტყობა:
“მე არ ვიცი, რატომ არ დაადასტურა ცემის ფაქტი ადვოკატმა, მაგრამ მე მან მითხრა, როდესაც ჩემი შვილის სანახავად შევდიოდი, მაგრად იდექიო, ჩემი შვილი საშინელ მდგომარეობაშია, აშკარად ეტყობა ცემის კვალი, ხვალ ექსპერტიზაც ჩაუტარდება. მან დაიწყო შიმშილობა და მეც ვშიმშილობ, იქნებ დავეხმარო, სანამ შვილს მომიკლავენ”, – განაცხადა მერი კიკნაძემ. მისი თქმით, ხვალ შიმშილობის აქციას კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდება.
პატიმარი და მისი ოჯახის წევრები საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.
გოდერძი კიკნაძეს 13 წლის წინ წაუყენეს მკვლელობის ბრალდება და შემდგომში ამ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება პატიმრის მკვლელობას, რაშიც ბრალი იმ დროისათვის სრულიად სხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს წაუყენეს.
პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და 13 წლის წინანდელ მკვლელობაში ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია მონაწილეობდა.