ახალი ამბები

საპატრიარქო: მხოლოდ პატრიარქი შეხვდა ახალაიას და არავინ იცის, რა საკითხზე

20 სექტემბერი, 2012 •
საპატრიარქო: მხოლოდ პატრიარქი შეხვდა ახალაიას და არავინ იცის, რა საკითხზე

გუშინ, 19 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, საპატრიარქოში თავდაცვის მინისტრის მოადგილე და შს მინისტრის ძმა – დათა ახალაია და თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი, ყოფილი კუდის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე საპატრიარქოში პატრიარქთან შესახვედრად მივიდნენ. 

 

ამ დრომდე უცნობია, რა საკითხზე შედგა აღნიშნული შეხვედრა. არც საპატრიარქოში და არც თავდაცვის სამინისტროში ამაზე არ საუბრობენ.

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო პოტრჟებსკაია ამბობს, რომ არ იცის, რასთან დაკავშირებით შეხვდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები პატრიარქს. 

 

პატრიარქის პრესმდივანი მიქაელ ბოტკოველი ადასტურებს, რომ მაღალჩინოსნები უშუალოდ პატრიარქს შეხვდნენ და შეხვედრა ძალიან მცირე ხანს გაგრძელდა.

 

“ცოტა ხანს გაგრძელდა შეხვედრა. რაზე ისაუბრეს, არ ვიცი. მე იქ არ ვყოფილვარ,”- ამბობს ბოტკოველი.

 

პატრიარქის პირადი მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მდივანი, მაია მუხიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ შეხვედრა ორ წუთს გაგრძელდა, თუმცა ამბობს, რომ შეხვედრის თემა მისთვისაც უცნობია. 

 

“იქ მხოლოდ პატრიარქი იმყოფებოდა. შესაბამისად, არავინ იცის საკითხი, რაზე შედგა საუბარი. რაც შეეხება პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეხვედრის დროს პატრიარქზე რაიმე ზეწოლა იყო და მას გული წაუვიდა, აბსურდია,”– ამბობს შორენა თეთრუაშვილის მდივანი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი