ახალი ამბები

ადვოკატი: პატიმარი, დაზიანებების მიუხედავად, ცემის ფაქტს არ ადასტურებს

20 სექტემბერი, 2012 •
ადვოკატი: პატიმარი, დაზიანებების მიუხედავად, ცემის ფაქტს არ ადასტურებს

რუსთავის #6 კოლონიაში მყოფ პატიმარს, გოდერძი კიკნაძეს, მისი ადვოკატის თქმით, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, თუმცა კიკნაძე მისი ცემის ფაქტს უარყოფს.

 

“მე პირადად ვნახე პატიმარი. ფიზიკური დაზიანებები აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ის არავის უცემია. ჩვენი ორგანიზაცია დაწვრილებით განცხადებას გაავრცელებს ამასთან დაკავშირებით,”– ამბობს კიკნაძის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის თანამშრომელია. 

 

დღეს დილიდან პატიმრის, გოდერძი კიკნაძის ნახვა მისი ოჯახის წევრებსა და ადვოკატს შეეზღუდათ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პატიმარი გარდაცვლილი იყო, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია სასჯელაღსრულების სამინისტრომაც უარყო. 

 

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მყოფი პატიმრის – გოდერძი კიკნაძის დედამ ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ წუხელ, გვიან ღამით, მის შვილს საკანში შეუვარდნენ საპატიმროს თანამშრომლები და სასტიკად სცემეს. ამის შესახებ პატიმრის მშობელს საპატიმროდან უცნობმა პირებმა ტელეფონით აცნობეს.

 

გოდერძი კიკნაძეს 13 წლის წინ წაუყენეს მკვლელობის ბრალდება და შემდგომში ამ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე ეხება პატიმრის მკვლელობას, რაშიც ბრალი იმ დროისათვის სრულიად სხვა დანაშაილისთვის მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძეს წაუყენეს. 

 

პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და 13 წლის წინანდელ მკვლელობაში ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია მონაწილეობდა:

 

„ჩემი შვილი დიდი ხანი დუმდა, რადგან სიმართლე რომ ეთქვა, ეშინოდა, მოკლავდნენ. ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, სამუდამო პატიმრობას ისევ სიკვდილი ურჩევნია. ძალიან მეშინია! ერთადერთი შვილი მყავს და იმასაც მიკლავენ!“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას პატიმრის დედამ.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს გოდერძი კიკნაძის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, რადგან მას საფრთხე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ბაჩო ახალაიასგან ემუქრება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი