ახალი ამბები

ელიზბარაშვილი და თამაზაშვილი პატიმრების წამების საქმეში მონაწილეობას უარყოფენ

20 სექტემბერი, 2012 •
ელიზბარაშვილი და თამაზაშვილი პატიმრების წამების საქმეში მონაწილეობას უარყოფენ

თამაზაშვილის ადვოკატი ცოტა ხნის წინ გამოვიდა გლდანის საპყრობილიდან, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი იხდის სასჯელს:

 

“თამაზაშვილი მესაუბრა და მითხრა, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ მან რადიოს მეშვეობით შეიტყო დ კარგა ხნის მანძილზე ვერ მიხვდა, რაზე იყო საუბარი. ის არც განცხადებაში აღნიშნულ პირებს იცნობს და არც კადრების არსებობის შესახებ იცოდა რამე”, -განაცხადა ადვოკატმა.

 

შსს-სა და პროკურატურის ცნობით, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე–10 ნომრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და ამავე კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამა – თამაზ თამაზაშვილი გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებს პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას უკვეთავდა.

 

სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.  

 

თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციამ გუშინ დაკითხა მოწმის სტატუსით. ელიზბარაშვილის თქმით, სამართალდამცავები დაკითხვის დროს მას ეკითხებოდნენ, თუ რა კავშირი ჰქონდა პატიმრების წამების ვიდეომასალის საქმესთან, იცნობდა თუ არა თამაზ თამაზაშვილს და ვლადიმერ ბედუკაძეს: 

 

“მე გამოძიებას განვუცხადე, რომ არანაირი კავშირი არ მქონია ამ საქმესთან, საერთოდ არ ვიცნობ თამაზ თამაზაშვილის, ხოლო რაც შეეხება ბედუკაძეს, მე ის გავიცანი გლდანის მერვე საპყრობილეში, ჩემი პატიმრობის დროს, 2010 წლის ივნისიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. 3 დეკემბრის შემდეგ, ვნახე ერთხელ, 2011 წლის ბოლოს-2012 წლის დასაწყისისთვის; მან დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდათ მას და მის მეგობარს, რომელსაც ბიზნესწინადადება ჰქონდა ჩემთან, წინადადება არ იყო საინტერესო ჩემთვის. ეს ადამიანი, სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს, ჩემს წინააღმდეგ აძლევს პროკურატურას ჩვენებას,” – ამბობს ელიზბარაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

იგი ორი წლის წინ თანამდებობის პირთა მოქრთამვის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით, საპროცესო შეთანხმების შედეგად, 6 მილიონი ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

18 სექტმბერს, როცა შსს-მ პატიმართა წამების ვიდეომასალის საქმეზე ინფორმაცია გაავრცელა, თამაზ ელიზბარაშვილმა “ნეტგაზეთ” განუცხადა:

 

“მე ვიცნობდი ბედუკაძეს. მე რომ ვიყავი  გლდანის ციხეში, ერთადერთი ბადრაგი იყო, რომელიც მეპყრობოდა ნორმალურად არა მარტო მე, არამედ სხვა პატიმრებსაც. ძალიან პატივს სცემდნენ ამ ბიჭს, რადგან პატიმრებს ეპყრობოდა ადამიანურად.

 

მე რაც ციხიდან გამოვედი, ფინანსურად ვეხმარები ბედუკაძეს. მას ყოველ თვე 200 ლარს ვურიცხავდი თავის ბარათზე პატივისცემის ნიშნად, მას ორი ბავშვი ჰყავს, ნამდვილი ვაჟკაცია. ვფიქრობ, რომ რადგან ბედუკაძე ფიგურირებს, ალბათ, შეამოწმეს გადარიცხვები და ამიტომ დამაკავშირეს, მაგრამ მე არაფერს დაფარულად არ ვაკეთებდი, ოფიციალურად ვურციხავდი ამ თანხას”.

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ დღეს განაცხადა, რომ ვლადიმერ ბედუკაძეს, გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალისთვის 2 მილიონი აშშ დოლარი აქვს მიღებული. ბედუკაძეზე, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, ძებნაა გამოცხადებული ქართველი სამართალდამცავების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი