ახალი ამბები

ციხის უფროსები მთელ საქართველოში შეიცვალნენ

20 სექტემბერი, 2012 •
ციხის უფროსები მთელ საქართველოში შეიცვალნენ

პატიმრების წამების ვიდეოების გავრცელებამდე ერთ-ერთი ბოლო განცხადება პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის მრავლობითი შემთხვევების თაობაზე სახალხო დამცველმა 14 სექტემბერს გამოაქვეყნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქუთაისის #2 საპყრობილეში.

 

სახალხო დამცველი ამ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ქუთაისის #დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულების თქმით, ციხის თანამშრომლები მათ, როგორც წესი, ექცეოდნენ უხეშად, გამომწვევად და დამამცირებლად:

 

“რამდენიმე პატიმარმა აღნიშნა, რომ ისინი ექიმის მოთხოვნის გამო ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ ე.წ. “ბოქსში“ მოათავსეს. ასევე, მსჯავრდებულთა განმარტებით, თუ დარღვევა “მნიშვნელოვანია“, ისინი სამარტოო საკნებში ე.წ. ბოქსების გავლით ჩაყავთ, სადაც მათზე  ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება.”

 

სახალხო დამცველის 14 სექტემბრის განცხადებაში ნათქვამია:

 

– ქუთაისის #2 დაწესებულებაში კვლავ გამოიყენება კოლექტიური დასჯის მეთოდები – ერთი პატიმრის გადაცდომისთვის ისჯება მთელი საკანი;

 

– პატიმართა უმრავლესობა არ სარგებლობს გასეირნების უფლებით, ვინაიდან ამ დროს თანამშრომლები ხშირად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას;

 

– დღის ნებისმიერ დროს, როდესაც დაწესებულების თანამშრომელი შეიხედავს კარის სათვალთვალოში, პატიმრები ვალდებულნი არიან, ადგნენ ფეხზე და დადგნენ ერთ ხაზზე. ამ შემთხვევაში არ ხდება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება და ნებისმიერ შემთხვევაში ზემოაღნიშნული წესის დაუცველობა  დასჯის მიზეზი ხდება.

 

– კარანტინში განთავსებულ პატიმრებს აშიშვლებენ და ტანსაცმელს აყრევინებენ იატაკზე, რომელიც შემდეგ ისევ უნდა ჩაიცვან…

 

ამ და სხვა ფაქტების გამო სახალხო დამცველმა 14 სექტემბერს განაცხადა:

 

“მიგვაჩნია, რომ ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული ვითარება აუცილებლად უნდა გახდეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის  და საგამოძებო ორგანოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი”.

 

ომბუდსმენის ამ განცხადებას რეაქცია არ მოჰყოლია.

 

18 სექტემბერს საზოგადოებას საშუალება მიეცა, საკუთარი თვალით ენახა პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგა როგორც სასჯელაღსრულების მინისტრი, ისე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვალა საქართველოში სასჯელაღასრულების დაწესებულებების ხელმძღვანელები, მათ შორის ქუთაისშიც.

 

ქუთაისის ციხის უფროსის თანამდებობაზე დიმიტრი ჯიჭონაია დავით ვაშაკიძემ შეცვალა, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ასევე, შსს-ს ყოფილი თანამშრომელი – გურამ დოლიძე დაინიშნა გლდანის #8 დაწესებულების უფროსად. ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტს სათავეში შს მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ჩაუდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი