“ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, თბილისშია მინისტრი, მე არ მევალება მისი გადაადგილების განრიგის ცოდნა. არ ვიცი, რატომ არ იყო პრეზიდენტთან, უნდა ყოფილიყო?” – განაცხადა სალომე მახარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინდელ თათბირზე გასცა მითითება, რომ სწორედ შსს-ს დაქვემდებარებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უნდა შევიდნენ დროებით ციხეებში, წესრიგის დამყარების მიზნით.
იმის მიუხედავად, რომ საპატრულო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება, ციხეებში პატრულის შეშვების მითითება პრეზიდენტისგან მინისტრ ახალაიას ნაცვლად პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა მიიღო.
პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა 18 სექტემბერს გავრცელდა. ვიდეომასალის ერთ-ერთი ავტორი, გლდანის საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ვლდაიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ პატიმრების წამება და წამების პროცესის ვიდეოგადაღება ციხეებში ბაჩო ახალაიას მითითებით ხდებოდა.
აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით არ წყდება საპროტესტო აქციები. აქციის მონაწილეები ახალაიას გადაყენებას მოითხოვენ.
ამ ხნის მანძილზე ბაჩო ახალაია საჯაროდ არ გამოჩენილა, თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად გუშინ მისი მოადგილე – გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.