ახალი ამბებიეკონომიკა

60-დან 1000 ლარამდე – ერთი ღამე ზამთრის კურორტზე საქართველოში

31 დეკემბერი, 2016 • 14639
60-დან 1000 ლარამდე – ერთი ღამე ზამთრის კურორტზე საქართველოში

წელს საქართველოში ზამთრის კურორტებზე სეზონი ყველაზე ადრე, 10 დეკემბერს გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე სასტუმროების ქსელები და საოჯახო ტიპის სასტუმროები დამსვნებლებს უკვე იღებენ. როგორც სასტუმროებში აცხადებენ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მათი ოთახების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია.

სეზონი კურორტებზე ძირითადად 3 ნაწილად იყოფა – პირველი პერიოდი 30 დეკემბრამდე გრძელდება, შემდეგ- 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე და 15 იანვრიდან მარტის ან აპრილის ბოლომდე. მეორე პერიოდში, რომელიც ახალი წლის უქმეებს ემთხვევა, გარდა დამსვენებელთა ნაკადის მატებისა, იცვლება სასტუმროს ნომრებისა და გასაქირავებელი ოთახების ფასებიც.

ნეტგაზეთი სასტუმროების მენეჯერების, მათი ვებ-გვერდებისა და ინტერნეტბაზა Booking.com-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ სტანდარტული ნომრების ფასებს სხვადასხვა კურორტზე. ფასები ვებ-გვერდებზე ძირითადად დოლარის ექვივალენტშია მოცემული.

ბაკურიანი

მაგალითად, ბაკურიანში სასტუმროების ნომრების ფასები ამჟამინდელ ფასებთან შედარებით 30 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით 100 დოლარითაც კი იზრდება.

[checklist]

  • სასტუმროში “ორბი პალასი” ნომრის ფასი ამ ეტაპზე 250 ლარიდან იწყება, რაც საახალწლოდ 450 ლარი გახდება.
  • სასტუმრო “კრისტალი” – ახალ წლამდე პერიოდში 270 ლარამდე სთავაზობს დამსვენებელს ეკონომ კლასის ნომერს, 30 დეკემბერიდან 15 იანვარმდე პერიოდში- 470 ლარად, შემდეგ კი ფასი ისევ იკლებს და 270 ლარი იქნება.
  • სასტუმროში “მგზავრები” სტანდარტული ორადგილიანი ნომერი 29 დეკემბრამდე დაახლოებით 240 ლარია, ხოლო 16 იანვრამდე 300 ლარამდე იზრდება.
  • სასტუმროში “წითელი სახლი” სტანდატრული ორადგილიანი ნომერი ამ ეტაპზე 80 ლარამდე ღირს, საახალწლო სეზონზე 150 ლარამდე გაიზრდება.
  • “არტვილა ბაკურიანი” საოჯახო ტიპის სასტუმროა. ძირითადად უცხოელ ტურისტებს ემსახურება და 120 ლარი ღირს ერთი კაცი მთელ სეზონზე.

[/checklist]

შესაძლებელია ასევე კოტეჯებისა და დიდი აპარტამენტების ქირაობა, თუმცა ფასები შედარებით მაღალია. მაგალითად, “ვილა მთაში” – თითო კოტეჯს დღეში 900 ლარად აქირავებს მთელ სეზონზე, ხოლო ორბი პალასის აპარტამენტების ფასი დღეში 1000 ლარიდან იწყება.

გუდაური

თითქმის ბაკურიანის მსგავსი ფასებია გუდაურშიც. “მარკო პოლო გუდაურში” სტანდარტული ნომერი ამჟამად  460 ლარამდეა, რაც 640 ლარამდეც გაიზრდება “ცხელ სეზონზე”. სასტუმრო “ალპინაში” ნომრების ფასი დეკემბერში დაახლოებით 220 ლარია. 30 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში კი 500 ლარამდეც იზრდება.

“კარპე დიემში” სტანდარტული ოთახები 300 ლარამდე ღირს დეკემბრში, იანვარში – 400 ლარზე მეტი. სასტუმროში “ახალი გუდაური” 300 ლარი ღირს ახალი წლის წინა პერიოდში, ახალი წლის შემდეგ 350- ლარი.

საოჯახო ტიპის სასტუმროში “გაგიეთი” ასევე 300 ლარი ღირს დეკემბერში ოთახი, შემდეგ კი ფასი 350 ლარამდე მოიმატებს. ჰოსტელების ფასები სასტუმროების ფასებთან შედარებით მცირედით ნაკლებია.

ბორჯომი

ბორჯომშიც ასევე ვხვდებით რამდენიმე მაღალი დონის სასტუმროსა და საოჯახო ტიპის ჰოსტელს. ფასები ბორჯომში მთელ სეზონზე თითქმის უცვლელია. მაგალითად, სასტუმრო “ალმა-ატა” – სტანდარტული ოთახი 120 ლარი ღირს მთელ სეზონზე. სასტურმო “ბორჯომი პალასში” სტანდარტული ნომრები იანვარში 300 ლარიდან იწყება. საოჯახო ტიპის სასტუმროები 100-დან 150 ლარამდეა.

ყველაზე ძვირი ბორჯომში სასტუმრო “რიქსოსში” ღირს დასვენება, სადაც სტანდარტული ნომრის ფასი ამ ეტაპზე 144 ევროა და იანვრის დასაწყისში 300 ევრომდე იზრდება.

მესტია

მესტია ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებს სთავაზობს დამსველებლებსა და ტურისტებს, რომელთა ფასები 50-დან 80 ლარამდე მერყეობს. აქვეა რამდენიმე სასტუმროც – მაგალითად, სასტუმრო “ბანგურიანში” ერთი ღამე 170 ლარი ღირს მთელ სეზონზე. სასტუმრო “სვანეთში” კი- 155 ლარი.

გოდერძი

10 დეკემბრიდან იხსნება სათხილამური სეზონი აჭარაში, კურორტ გოდერძიზეც, სადაც სასტუმროს ტიპის კოტეჯებში ორადგილიანი ნომრის ფასი 100 ლარამდეა.

ასევე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, 24 დეკემბერს “თეთნულდი” და 25 დეკემბერს ახალი სათხილამურო კურორტი “მიტარბი” გაიხსნება.

საქართველოს ზამთრის კურორტებთან შედარებით რამდენად ძვირია ალპებში ერთი ღამის გატარება?

Booking.com-ის ბაზის თანახმად, საქართველოს ზამთრის კურორტების ფასები თითქმის უტოლდება ევროპის ქვეყნებისას. მაგალითად, შვეიცარიის ალპებში დეკემბრის ბოლოს 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები სტანდარტული ოთახის შემთხვევაში 250-დან 600 ლარამდეა. 4-ვარსკვლავიანის ფასი კი 1000 ლარამდეც იზრდება. იტალიის ალპებში მოქმედი სასტუმროების ფასები საშუალოდ 300-დან 700 ლარამდე მერყეობს. ავსტრიის ალპებში ერთი ღამით სასტუმროს ნომერს სულ მცირე 200 ლარად იქირავებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი