ახალი ამბები

პატიმრების წამების საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

20 სექტემბერი, 2012 •
პატიმრების წამების საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

მათთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაასრულა მოსამართლე ბადრი შონიამ.

 

11 დაკავებულიდან ექვსს 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ესენი არიან: გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ამავე საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, ოპერატიული მორიგე გელა ცომაია, კონტროლიორი ლევან ფხალაძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, კობა ჩიკვატია. მათ ბრალი ედებათ ადამიანის წამებაში.

 

გლდანის მე-8 საპყრობილის არასრულწლოვანთა განყოფილების მორიგე ინსპექტორი კობა ჩიკვატია 20 სექტემბერს, გამთენიისას დააკავეს სამართალდამცავებმა. იგი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ დანაშაულშია მხილებული.

 

ხოლო დანარჩენ ხუთ პირს ბრალი არაადამიანური მოპყრობის მუხლით აქვს წაყენებული და მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ესენი არიან: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე,  მე-8 საპყრობილის დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ინსპექტორი გიორგი კვარაცხელია, კონტროლის ინსპექტორი მანუჩარ ლომთაძე.

 

სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ფხალაძის ადვოკატმა მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება:

 

“ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პატიმრობის გარდა, ნებისმიერი სხვა მსუბუქი ღონისძიება შეეფარდებინა მოსამართლეს, ვინაიდან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და მისი დაპატიმრება არ იყო სავალდებულო, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მუხლი, რომლის მიხედვითაც შეუფარდეს პატიმრობა, წამებას ითვალისწინებს, თუმცა ფხალაძე იყო ბრძანების მსხვერპლი. მას დაემუქრნენ, რომ თუკი ბრძანებას არ შეასრულებდა, გააფუჭებდნენ. გაფუჭებაში თქვენც იცით, რაც იგულისხმება” – განუცხადა ჟურნალისტებს ფხალაძის ადვოკატმა, ჯიმშერ ტყებუჩავამ.

 

პროკურორ შოთა ტყეშელაშვილის თქმით, მათ მოითხოვეს დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ფირებზე აღბეჭდილი ყველა დანაშაული ჩადენილია გლდანის მე-8  საპყრობილის ტერიტორიაზე.

 

პატიმრების წამების საქმეზე დაკავებულების საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი