ომბუდსმენის წარმომადგენელი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა

დღეს, 23:20 საათზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დატოვა. ჰოსპიტალში ვიზიტის მიზეზი საინფორმაციო სააგენტოების მიერ რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამი ნაცემი პატიმარი გადაიყვანეს.

“სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და ესაუბრა ჰოსპიტალის ხელმძღვანელს – თამაზ გვასალიას. სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა უარყო სამხედრო ჰოსპიტალში პატიმართა მიყვანის ფაქტი და დაადასტურა, რომ ამ დროისათვის ჰოსპიტალში არ არის განთავსებული არც ერთი პატიმარი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

23 საათზე კი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დაასრულეს რუსთავის #5, #6, # 16 და #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებების არაგეგმური მონიტორინგი.

 

მონიტორინგის დროს წარმომადგენლებმა მოინახულეს დაწესებულებების ყველა კორპუსი,  საკნები, ასევე კარცერები და საკარანტინე განყოფილება, ისინი შეხვდნენ და გაესაუბრნენ იქ განთვასებულ პატიმრებსაც.

 

“ამჟამად ხსენებულ დაწესებულებებში სიმშვიდეა და პატიმრები არ მიუთითებენ მათ მიმართ რაიმე სახის ძალადობაზე. დაწესებულებებში მუშაობს ტელეფონები და პატიმრების ნაწილმა ასევე უკვე ისარგებლა რიგგარეშე ხანმოკლე პაემნით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

ამჟამად სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებიან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge