ახალი ამბები

აქციებზე ახალაიას გადადგომას მოითხოვენ, თუმცა ციხეებს მაინც მისი უწყება გააკონტროლებს

19 სექტემბერი, 2012 •
აქციებზე ახალაიას გადადგომას მოითხოვენ, თუმცა ციხეებს მაინც მისი უწყება გააკონტროლებს

ორი დღეა საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა ქალაქში სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების გამო, რაც ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის.

 

ვიდეომასალის ნაწილის ავტორმა, გლდანის საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელზეც შსს-მ ძებნა გამოაცხადა და რომელიც ბრიუსელში იმყოფება, გუშინაც და დღესაც ქართულ სატელევიზიო არხებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პატიმრების წამება საპყრობილეში სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის – ბაჩო ახალაიას უშუალო ბრძანებითა და მითითებით ხორციელდებოდა.

 

ბედუკაძემ დღეს “პირველ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ ბაჩო ახალაია არჩევდა კადრებს და ნიშნავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელებად, იმის მიუხედევად, რომ ახალაია უკვე ოთხი წელია აღარ არის სასჯელაღსრულების უწყების ხელმძღვანელი.

 

ბაჩო ახალაია ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს. სწორედ ახალაიას უწყებას, კერძოდ, საპატრულო პოლიციას დაეკისრა დღეიდან, პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით, ციხეებში წესრიგის დამყარება. ამ დროისთვის უკვე საქართველოს ყველა საპყრობილეშია შესული საპატრულო პოლიცია.

 

ამას გარდა, სწორედ ახალაიას მოადგილე – გიორგი ლორთქიფანიძე დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად. ლორთქიფანიძის ძმა კუდის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. როგორც პანკისის ხეობაში აცხადებენ, ამ რეგიონში სიტუაციას სწორედ ძმები ლორთქიფანიძეები აკონტროლებენ.

 

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია გლდანის საპყრობილის ახალი უფროსი გურამ დოლიძე. ის წინა წლებში იმერეთის შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსად მუშაობდა, ასევე, თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს უფროსად.

 

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილ შს მინისტრს და ამჟამინდელ პრემიერს ვანო მერაბიშვილს დაავალა პენიტენციურ სისტემაში ისეთივე რეფორმის გატარება, როგორიც პოლიციაში გატარდა:

 

“მთლიანად გადაერთე,  როგორც იყო პოლიციის რეფორმა, ისე უნდა განხორციელდეს ამ სისტემაშიც. ეს გაცილებით პატარა სისტემაა, მაგრამ რთული სისტემა, როგორც გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ, ასე უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანთა უფლებების დამრღვევთა მიმართ,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ბოლო წლების მანძილზე შს სამინისტროს მხრიდან გამოვლენილი ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად არაერთი უდანაშაულო ადამიანია მოკლული, რის გამოც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ყოფილი შს მინისტრის – ვანო მერაბიშვილის გადადგომის მოთხოვნით. მერაბიშვილის უწყებაში ერთ-ერთი მთავარი პოსტი ბაჩო ახალაიას ძმას – დათა ახალაიას ეკავა, ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო, ხოლო ორი თვის წინ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. თავდაცვის მინისტრის პოსტი კი დიმიტრი შაშკინს უკავია, რომელიც ბაჩო ახალაიას შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრად მუშაობდა, შემდეგ კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

მასალების გადაბეჭდვის წესი