ახალი ამბები

ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა ფრაქციის, უმრავლესობისა და უმცირესობის სხდომაზე განიხილონ

5 დეკემბერი, 2016 • 1501
ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა ფრაქციის, უმრავლესობისა და უმცირესობის სხდომაზე განიხილონ

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის 2017 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცედურაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.  ირაკლი კობახიძე პარლამენტს პროექტის ფრაქციის, უმრავლესობისა და უმცირესობის სხდომაზე განხილვას სთავაზობს.

“რეალურად, პარლამენტი არ მუშაობდა არჩევნებამდე და გარკვეული პროცედურის გამოტოვება მოგვიხდა. მთავარია, შინაარსობრივად გავიაროთ ის საფეხურები, რაც გასავლელია. ანუ ბიუჯეტის პროექტის რეალური განხილვა მოხდეს. ჩვენი შემოთავაზებაა, რომ ფრაქციის, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში განხივილოთ  ბიუჯეტის პროექტი, ვიდრე პლენარულ სხდომაზე გავიტანთ,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, კონსულტაციები გაგრძელდება და ხუთშაბათს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე საბოლოოდ შეჯერდებიან პროცედურასა და გრაფიკზე:

“ეს პროცედურა რომ არ გავითვალისწინოთ, ბიუჯეტი პირდაპირ პლენარულ სხდომაზე უნდა გავიტანოთ და იქ შეუძლებელია შენიშვნების ბიუჯეტში ასახვა. ამის საშუალებას შემოთავაზებული ფორმატი მოგვცემს.”

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის უნდა წარედგინა არაუგვიანეს 5 ნოემბრისა, ხოლო, თავის მხრივ, დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე  უნდა განხილულიყო არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, შემგეგ კი შენიშვნებით კვლავ მთავრობაში უკან დაბრუნებულიყო. თუმცა ფინანსთა სამინსიტრომ პარლამენტს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი არ გაუგზავნა, რაც ნიშნავს, რომ სამინისტრომ კანონი დაარღვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი