ნეტგაზეთი | ფინანსთა სამინისტროს განმარტება საბიუჯეტო კოდექსის დარღვევის გამო ფინანსთა სამინისტროს განმარტება საბიუჯეტო კოდექსის დარღვევის გამო – Netgazeti
RU | GE  

ფინანსთა სამინისტროს განმარტება საბიუჯეტო კოდექსის დარღვევის გამო

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის უნდა წარედგინა არაუგვიანეს 5 ნოემბრისა, ხოლო, თავის მხრივ, დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე  უნდა განხილულიყო არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, შემგეგ კი შენიშვნებით კვლავ მთავრობაში უკან დაბრუნებულიყო. თუმცა ფინანსთა სამინსიტრომ პარლამენტს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი არ გადაუგზავნა, რაც ნიშნავს, რომ სამინისტრომ კანონი დაარღვია.

“ვინაიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად უკვე არჩეულია პარლამენტის ახალი შემადგენლობა და უახლოეს პერიოდში შეიკრიბება ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი, ნათელია, რომ საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში – 15 ნოემბრამდე, მე-8 მოწვევის პარლამენტი ვერ შეძლებდა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვას და მთავრობას მხოლოდ ფორმალურად, სრულიად უშედეგოდ უნდა წარედგინა მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი,” – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს  განცხადებაში.

განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, საქართველოს მთავრობა აუცილებლად წარუდგენს მას 2017 წლის ბიუჯეტის  კორექტირებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.