სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოფიცერი დავით აკობია ამჟამად მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
“დავით აკობია თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან უკვე მისცა ჩვენება და აწვდის გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას. დავით აკობიამ გამოთქვა სურვილი, ისარგებლოს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ადვოკატ სალომე აბულაძის ცნობით, დღეს დილით, გამთენიისას, საქართველო-სომხეთის საზღვარზე გლდანის ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი დავით აკობია დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
“დათა აკობია, რომელმაც სავარაუდოდ ეს კადრები ჩაწერა, არის დაკავებული 03:20 წუთზე, ჩემი ინფორმაციით, დღეს მას სასტიკად გაუსწორდნენ. არის ნაცემი,” – აცხადებს ადვოკატი სალომე აბულაძე.
დათა აკობია არ ფიგურირებდა იმ პირთა სიაში, რომელთა დაკავების შესახებაც ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია.
ადვოკატის განცხადებაზე დაყრდნობით საქართველოს სახალხო დამცველმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ცდილობენ დაადგინონ დავით აკობიას ადგილსამყოფელი.
