საქართველოში ოჯახების 0.7% -ს აქვს წელიწადში 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი

შემოსავლების სამსახურის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ოჯახების  3 %-ის წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს.

აქედან ოჯახების [შინამეურნეობების]  0.7%-ს აქვს წლიური 100 ათასი და მეტი შემოსავალი, ხოლო 2.33%-ს – 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე წლიური შემოსავალი.

ეს ბოლო მონაცემია –  ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე უნდა წარუდგინონ იმ შემთხვევაში, თუკი მათი ოჯახის წინა წლის შემოსავალი 40 ათას ლარს აღემატებოდა.

კანონმდებლობის მიხედვით, ფიზიკური პირის ოჯახის წევრად იგულისხმება თვითონ პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი; აგრეთვე, პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით,  წინა წლის მონაცემებთან  შედარებით გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით 100 ათასზე მეტი შემოსავალი ჰქონდათ 2015 წელს.

გაზრდილია წელიწადში 40 000 დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახთა რაოდენობაც. 2016 წელს საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით ასეთი 25 879 ოჯახია, რაც ქვეყნის ოჯახების 2.33% ია.  გასულ წელს კი მათი რაოდენობა 21, 719 იყო.
ფიზიკურმა პირმა ქონების გადასახადის დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარდგენა დაგვიანებით მოხდა, ჯარიმის ოდენობა მინიმუმ 200 ლარს შეადგენს. ნოემბერში წარდგენილი დეკლარაციები ოჯახების წინა წლის შემოსავალს ასახავს.

ზემოთმოყვანილი ოჯახები, რომლებიც ქვეყნის მთლიანი ოჯახების 3 %-ს წარმოადგენენ საშუალოზე მაღალი და მაღალი შემოსავალი აქვთ. 2016 წელს კი ოჯახების 11.30% სოციალური შემწეობის მიმღები იყო. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.