ახალი ამბები

Human Rigths Watch: საჭიროა დამნაშავეთა დასჯა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია

19 სექტემბერი, 2012 •
Human Rigths Watch: საჭიროა დამნაშავეთა დასჯა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია

 Human Rigths Watch–ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა:

 

“შეფასება, რა თქმა უნდა, არის ცალსახა: აქ საქმე გვაქვს  წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასთან, რაც საჭიროებს დაუყოვნებლივ გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და ამასთან ერთად დაზარალებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ რეაბილიტაციას. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ სისხლის სამართლებრივის პასუხისმგებლობით–ეს არის ვალდებულება, რომელიც საქართველოს გააჩნია. მოგეხსენებათ, წამების აკრძალვა საერთაშორისო სამართლის აბსოლუტური მოთხოვნაა, იქ არ არსებობს არანაირი გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს აქვს პირდაპირი ვალდებულება, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები”.

 

 Human Rigths Watch–ის  წარმომადგენლის განმარტებით, თანამდებობის პირთა თანამდებობიდან გათავისუფლება საკმარისი არ არის და ისინი უნდა დაისაჯონ სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

“ფაქტია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, სხვადასხვა დროს გადაღებული რამდენიმე კადრია გავრცელებული, რაც

გიორგი გოგია, Human Rights Watch–ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში/ფოტო: რადიო თავისუფლება
გიორგი გოგია, Human Rights Watch–ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში/ფოტო: რადიო თავისუფლება

სწორედ სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს სრულყოფილი და ეფექტური”, – აცხადებს გიორგი გოგია. კითხვაზე, აღნიშნული ფაქტის გამო და საერთაშორისო კონვენციების დარღვევისთვის საქართველოს თუ ემუქრება რაიმე საერთაშორისო სანქცია, ის პასუხობს:

“ჯერჯერობით, საერთაშორისო სანქციებზე საუბარი ნაადრევია. არც არსებობს მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს წამების წინააღმდეგ კონვენციის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს. სახელმწიფოს გააჩნია ძალიან ბევრი ვალდებულება, რომლებიც სხვადასხვა კონვენციებზე ხელმოწერითაა ნაკისრი, ასეთი დოკუმენტები კი ძალიან ბევრია. სახელმწიფოც ვალდებულია, რომ ეს ფაქტები ბოლომდე გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს. ასევე უნდა მოხდეს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია. თუ ისინი თავიანთ უფლებებს საქართველოში ვერ დაიცავენ, შიდა სამართლებრივი რესურსების ამოწურვის შემდეგ ევროსასამართლოს უნდა მიმართონ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი