დაკავებული არიან საჯარო მოხელეები, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები– გაგა მკურნალიძე, დავით ხუჭუა, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი, ვიქტორ ყაჭეიშვილი, დირექტორის მოადგილე, ლევან ფურცხვანიძე, გლდანის ციხის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, გიორგი კვარაცხელია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსის ინსპექტორი, ოლეგ ფაცაცია, მანუჩარ ლომთაძე, გელა ცომაია, ლევან ფხალაძე და ბორის ფარულავა. რაც შეეხება მეთერმეტე პირს, ვლადიმერ ბედუკაძეს, ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და ის ძებნილია ამჟამად.
გამოძიების ამ ეტაპზე ეს პიროვნებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით არიან დაკავებული. როგორც მთავარმა პროკურორმა განაცხადა, საგამოძიებო მოქმდებები სხვა დამნაშვე პირთა დასადგენადაც ხორციელდება.
მთავარი პროკურორის განცხადებამდე, წამებაში მონაწილე პირთა სახელები და გვარები სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა. იმ პირთა გარდა, რომელიც პროკურტურამ დააკავა, ომბუდმენის განცხადებაში სხვა სახელებიც ფიგურირებს – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კინწურაშვილი და დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი.
მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გლდანის მე–8 საპყრობილეში არსებობდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც არღვევდნენ პატიმართა უფლებებს, ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს.
დაკავებულებსა და ერთ ძებნილს ბრალი წაყენებული აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441(წამება) და 1443 (დამამაცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლების მიხედვით.
წამება, რომელიც ჩადენილია ჯგუფურად და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება 9–დან 15 წლამდე პატიმრობით, ხოლო დამამცირებელი ქმედება იგივე გარემოებებში, ისჯება 4–დან 6 წლამდე პატიმრობით.
“ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მოხელეთა ერთი ჯგუფი, ლევან ფურცხვანიძისა და ვლადიმერ ბედუკაძის ხელმძღვანელობით, ახორციელებდა პატიმართა მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, ვიდეოფირზე აღბეჭდავდა საკუთარ და სხვა პირთა დანაშაულებრივ ქმედებებს და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ გადასცემდა მესამე პირებს.
მესამე პირთათვის გადაცემის ორგანიზებას უწევდნენ თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი. გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მთავარმა პროკურორმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ დაიკითხა და არ არის დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილი, თუ ის ციხის თანამშრომელთა მოქრთამვის ერთ–ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა განგვიცხადა, რომ როცა გამოძიება ჩათვლის საჭიროდ და რასაც ჩათლის საჭიროდ, იმას განახორციელებს, იქნება ეს დაკითხვა თუ დაკავება.