“პატიმრის განცხადებით, დღეს მასთან საკანში არავინ არ შესულა და მის მიმართ გავრცელებული ბრალდების არსის შესახებ შუადღით რადიოს მეშვეობით შეიტყო.
პატიმარი უარყოფს მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ან სხვა ძალადობრივი ქმედების განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები რეგულარულად მოინახულებენ მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატიმრების წამებას და მათ ასახვას ვიდეოზე გლდანის #8 საპყრობილის თანამშრომლები პატიმარ თამაზ თამაზაშვილის დაკვეთით ახორციელებდნენ.
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე–10 ნომრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და ამავე კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამა – თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს და მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ ტარებისთვის წაუყენეს. სასამართლომ თამაზაშვილი დამნაშავედ სცნო და 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თამაზ თამაზაშვილი კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი შსს-ს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
ირაკლი ღარობაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მისი სიმამრის სიცოცხლე საფრთხეშია. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კი აღნიშნა, რომ “ფეხზე დააყენებს საერთაშორისო საზოგადოებას” თამაზაშვილის უსაფრთხოების დასაცავად.