“მე-9 არხის” ცნობით, სწორედ ბედუკაძემ მიაწოდა მათ გლდანის საპყრობილეში გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს პატიმრების გაუპატიურებისა და წამების პროცესს. ეს კადრები ტელეარხმა 21:00– საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაავრცელა.
ცოტა უფრო ადრე კი სამართალდამცავთა ჯგუფის მიერ დაკავებულების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა.
ვლადიმერ ბედუკაძემ “მე-9 არხის” ეთერში განაცხადა, რომ ის პირადად იღებდა ვიდეოზე პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. მისივე თქმით, პატიმრებს ახალაიას მითითებით გლდანის საპყრობილის ხელმძღვანელობა აწამებდა. ბედუკაძემ ასევე აღნიშნა, რომ გლდანის საპყრობილეში ადგილი ჰქონდა პატიმრების მკვლელობის ფაქტებს.
დღეს დილით, ვიდრე ტელეკომპანია “მაესტრო” და “მე-9 არხი” პატიმრების წამების ამსახველ ვიდეომასალას გაავრცელებდნენ, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებს პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე–10 ნომრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და ამავე კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი უკვეთავდა.
შსს–ს ცნობით, გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
“შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.
მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.
ელიზბარაშვილი, რომელიც ორი წლის წინ თანამდებობის პირთა მოქრთამვის ბრალდებით დააკავეს და მოგვიანებით, საპროცესო შეთანხმების შედეგად, 6 მილიონი ლარის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, “ნეტგაზეთთან” საუბარში კატეგორიულად უარყოფს რაიმე ფორმით მის მონაწილეობას იმ დანაშაუალში, რომლის შესახებაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია.
“მე, რაც ციხიდან გამოვედი, ფინანსურად ვეხმარები ბედუკაძეს. მას ყოველთვე 200 ლარს ვურიცხავდი თავის ბარათზე პატივისცემის ნიშნად, მას ორი ბავშვი ჰყავს, ნამდვილი ვაჟკაცია. ვფიქრობ, რომ რადგან ბედუკაძე ფიგურირებს, ალბათ, შეამოწმეს გადარიცხვები და ამიტომ დამაკავშირეს, მაგრამ მე არაფერს დაფარულად არ ვაკეთებდი, ოფიციალურად ვურციხავდი ამ თანხას”, – ამბობს ელიზბარაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
პოლიცია აცხადებს, რომ ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა, ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან: გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება.
კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გამოთქვამენ ეჭვს, რომ გლდანის №8 საპყრობილეში თამაზ თამაზაშვილის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდება. კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ის “ფეხზე დააყენებს საერთაშორისო საზოგადოებას”, რათა დაიცვან თამაზაშვილის უსაფრთხოება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.
თამაზ თამაზაშვილი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს და მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ ტარებისთვის წაუყენეს. სასამართლომ თამაზაშვილი დამნაშავედ სცნო და 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თამაზ თამაზაშვილი კახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი შსს-ს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.